ფოთში წყალარინების გამწმენდი ნაგებობისა და ქსელის მშენებლობა მიმდინარეობს

467

ქალაქ ფოთში წყალარინების გამწმენდი ნაგებობისა და წყალარინების ქსელის მშენებლობა მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, პროექტებს აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სამუშაოების მიმდინარეობას წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი, გიგა მანდარია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან, მალხაზ თორიასთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

კომპანიის დირექტორის განცხადებით, ამ დროისთვის, ფოთში ორი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, რაც ქალაქში სრულიად ახალი წყალარინების სისტემების მოწყობასა და თანამედროვე გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას გულისხმობს.

“ქალაქის წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობის ტემპი დამაკმაყოფილებელია და დაახლოებით სამუშაოების 80 % შესრულებულია. თუმცა, წყალარინების ქსელის რეაბილიტაციის პროექტში კონტრაქტორს აქვს ჩამორჩენები. გვაქვს გარკვეული შენიშვნები მათთან. შესაბამისად, დაიგეგმა შეხვედრა მშენებელი კოპანიის ხელმძღვანელობასთან, რომლებიც საქართველოში თებერვლის ბოლოსთვის ჩამოვლენ და გვექნება დეტალური განხილვა იმაზე თუ, როგორ შეძლებენ ისინი უახლოეს პერიოდში ამ პრობლემის გადაჭრას,’’ – განაცხადა გიგა მანდარიამ.

ფოთის წყალარინების ქსელის მოწყობისთვის 35 მილიონი ევრო, ხოლო საკანალიზაციო სისტემის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობისთვის დონორი ორგანიზაციის მიერ დაახლოებით 55 მილიონი ლარია გამოყოფილი.