ხულოს მუნიციპალიტეტის სოფლებში სკოლების მშენებლობა მიმდინარეობს

307

აჭარაში, ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ბეღლეთსა და განახლებაში სკოლების მშენებლობა მიმდინარეობს.

როგორც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში აცხადებენ, სკოლები 150-მდე მოსწავლეზეა გათვლილი, რომლებშიც საკლასო ოთახებთან ერთად განთავსდება სპორტული და სააქტო დარბაზები. შენობებში მოეწყობა პანდუსები და ლიფტები.

„აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიზანია მშენებლობა განხორციელდეს დადგენილი უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით. შეიქმნას სკოლებში სასწავლო პროცესისთვის უსაფრთხო და კომფორტული გარემო, რომელიც ხარისხიანი განათლების მიღების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობაა.

2021 წელს აჭარაში განხორციელდება 9 სკოლის და 4 სპორტდარბაზის სამშენებლო სამუშაოები, ხოლო 40 სკოლას ჩაუტარდება სრული და ნაწილობრივი რეაბილიტაცია, ასევე გაგრძელდება სკოლების აღჭურვა სხვადასხვა ინვენტარით“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.