ახალქალაქში, სოფელ ბავრას მცხოვრებლები ხოსპიოს თემში მერის წარმომადგენლად ვალენტინ კარსლიანის დანიშვნას ითხოვენ. კარსლიანს ხელშეკრულების ვადა მიმდინარე წლის იანვარში ამოეწურა, თუმცა აღარ გაუგრძელეს. ადგილობრივების მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებას საპარლამენტო არჩევნების დროს, მათ სოფელში მმართველი პარტიის დამარცხებას უკავშირებენ. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ბავრაში მცხოვრებლები ნინოწმინდა-ახალქალაქის მაჟორიტარ დეპუტატს, სამველ მანუკიანს დღეს, 8 თებერვალს შეხვდნენ. ადგილობრივების განცხადებით ვალენტინ კარსლიანი თავის მოვალეობას კარგად ასრულებდა და ხალხთანაც კარგი ურთიერთობა ჰქონდა, ამიტომ მას მუშაობის გაგრძელების უფლება უნდა მისცენ.
„ჩემი აზრით ეს არჩევნებთანაა კავშირში, ბავრაში მანუკიანმა წააგო. კარსლიანის გათავისუფლება ამას მიანიშნებს. თითქოს სამველ მანუკიანი ამით ამბობს, რომ თქვენს სოფელში მე დავმარცხდი და შედეგიც ეს არის. ხელისუფლების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, რადგან მეც ვიყავი საკრებულოს დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“, მაგრამ ამ შემთხვევაში საქმე აშკარად არჩევნებს ეხება. კარსლიანი ნამდვილად კარგი ადამიანია და მხარს ვუჭერ“, -ამბობს ბავრას მცხოვრები იგორ კაზარიანი.
ადგილობრივებს არ ეთანხმება დეპუტატი, სამველ მანუკიანი. მისი თქმით, სოფელ ბავრაში სამი ჯგუფი არსებობს, რომლებსაც კარსლიანის საკითხზე განსხვავებული აზრი აქვს. კარსლიანი კვლავ გააგრძელებს მუშაობას მერის წარმომადგენლად, თუ ახალი დაინიშნება ეს კონკურსის შედეგად გადაწყდება.
„ადგილობრივებს შევხვდი. მინდა გითხრათ, რომ ბავრაში ამ საკითხზე სამი სხვადასხვა ჯგუფი არსებობს. ერთი ჯგუფი ითხოვს, რომ კარსლიანმა მუშაობა გააგრძელოს, მეორეს მისი მუშაობა არ მოსწონს, ხოლო მესამეს წარმომადგენლად სულ სხვა ადამიანის დანიშვნა უნდა. აი ხვალ ისინი აპირებენ ჩემთან მოსვლას, ვისაც ამაზე განსხვავებული აზრი აქვს. არჩევნებთან რა კავშირშია?! იყო უბნები რომლებშიც ვერ გავიმარჯვეთ, მაგრამ ეს რა შუაშია?! ხალხი ასეა, თუ რაღაც არ მოეწონება, ეგრევე არჩევნებს მიაწერს ხოლმე. ამ საკითხს მერია კონკურსის შედეგად გადაწყვეტს“, – ამბობს სამველ მანუკიანი.
მიღებული გადაწყვეტილების არჩევნებთან კავშირს კატეგორიულად უარყოფს ახალქალაქის მერი იურიკ უნანიანი. მისი თქმით, კარსლიანის მსგავსად, ხელშეკრულება მერის ხუთ წარმომადგენელს არ გაუგრძელეს.
„ხელშეკრულების ვადა მერის ყველა წარმომადგენელთან პირველ იანვარს ამოიწურა, თუმცა ზოგს გავუგრძელეთ ზოგზე კი ვფიქრობთ. გადაწყვეტილებას მათი მუშაობიდან გამომდინარე ვიღებთ“,-ამბობს იურიკ უნანიანი.