საბიუჯეტო რესურსები იხარჯება არამართლზომიერად, არსებული შემოსავლები სრულად არ აღირიცხება, ქონება განკარგულია არაეფექტიანად – აუდიტი ზესტაფონის მუნიციპალიტეტზე

619

საბიუჯეტო რესურსები იხარჯება არამართლზომიერად, არსებული შემოსავლები სრულად არ აღირიცხება, ქონება განკარგულია არაეფექტიანად,– წერია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ ანგარიშში, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ.

აუდიტის ინფორმაციით, 2018-2019 წლებში ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მფლობელობაში იმყოფებოდა 21 შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება და 12 არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი. დაფუძნებული სუბიექტების მართვის, მათი საქმიანობისა და ხელმძღვანელი პირების მიერ მიღებული მმართველობითი გადაწყვეტილებების შესწავლით გამოვლინდა არსებითი ხასიათის სისტემური დარღვევები, კერძოდ:

ასევე, 2018-2019 წლებში შპს-ებს მერიისათვის არ წარუდგენიათ გრძელვადიანი განვითარების ბიზნესგეგმები და მისი შესრულების შედეგები, ასევე ანგარიში წლის განმავლობაში დაგეგმილი კონკრეტული სამუშაოებისა და განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ. შედეგად, მუნიციპალიტეტი არ ფლობს დოკუმენტურ ინფორმაციას სუბიექტების მიერ შესრულებული სამუშაოების მოცულობების, მათი ხარისხის, შემოსავლების სისრულის, ქონების ეფექტიანი გამოყენების, კადრების ოპტიმალურობის შესახებ და სხვ. მუნიციპალიტეტმა სრულად და დროულად არ შეისწავლა რამდენად სრულყოფილად და მიზანშეწონილად ასრულებენ თავიანთ ფუნქცია მოვალეობებს სუბიექტები. ამდენად, მათი საქმიანობის ეფექტიანობა, დაფუძნების მიზნებთან მიმართებაში, არ არის გაანალიზებული, მაგალითად:

შპს „ზესტაფონის მუნიციპალური პარკირების რეგულირების საწარმო“

შპს „ზესტაფონის მუნიციპალური პარკირების რეგულირების საწარმოს“ ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ქალაქ ზესტაფონის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების მომსახურება. პარკირება ხორციელდება ქალაქ ზესტაფონის ტერიტორიაზე არსებულ 25 მიწის ნაკვეთზე, საიდანაც ფასიანია 10 ნაკვეთი. 2018 წელს შპს-ის მიერ ამოღებულმა პარკირების მოსაკრებელმა შეადგინა 10.4 ათასი ლარი, ხოლო 2019 წელს – 8.3 ათასი ლარი. მიღებული შემოსავალი, ძირითადად, მიმართულია დასაქმებულთა ხელფასების დასაფარავად. მუნიციპალიტეტს საწარმოს საქმიანობით ფინანსური სარგებელი არ მიუღია.

აუდიტის ჯგუფის მოსაზრებით, პარკირების მოსაკრებლის გადახდის სისტემა მოსაწესრიგებელია და შესაძლოა ხდება მიღებული თანხების დამალვა, კერძოდ, არსებობს რისკი, რომ მოსაკრებლების დიდი ნაწილი საწარმოს შემოსავალში დოკუმენტურად არ აღირიცხება. აღნიშნული დასტურდება შემდეგი გარემოებებით:

საწარმოში დასაქმებულთა საშუალო ხელფასი შეადგენს თვეში 35 – 45 ლარს. მათ შორის, დირექტორის საშუალო ხელფასი – 200 ლარი, ხოლო პარკირების მოსაკრებლის ამკრეფი 13 კონტროლიორის ხელფასი თვეში 20-25 ლარია. ამდენად, არაგონივრულია კონტროლიორის რეალური შემოსავალი იყოს დღეში 67 თეთრი.

წარმოდგენილი მონაცემებით, შპს იყენებს მუნიციპალიტეტიდან გადაცემულ 10 მიწის ნაკვეთს და მოსაკრებელს იღებს მხოლოდ 69 ერთეული სადგომიდან. მუნიციპალიტეტიდან შპს-ზე გადაცემული 10 მიწის ნაკვეთზე მოწყობილი პარკირების ადგილები დათვალიერების მომენტში56 იყო შევსებული და მათზე ერთდროულად განთავსებული იყო არა 69, არამედ 190-200 ავტომობილი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ დღის განმავლობაში თითოეული საპარკინგე ადგილი მხოლოდ ორჯერ იქნებოდა გამოყენებული, საწარმოს წლიური შემოსავალი უნდა იყოს, მინიმუმ, 40.0 ათასი ლარი (190 ავტომანქანა X 0.3 ლარი X 365 დღე X 2=41.6 ათასი ლარი). რეალურად კი ზოგიერთი ავტოსადგომი დატვირთულია მთელი დღის განმავლობაში და შპს-ის ფაქტობრივი შემოსავალი გაცილებით მეტია.

მოწოდებული ინფორმაციით, საწარმომ აჩვენა, რომ 15 ავტოსადგომი დაუბეგრავი ტერიტორიაა. დათვალიერებისას ავტომანქანებით დატვირთული იყო აღნიშნული ადგილებიც. მიუხედავად ამისა, შპს „ზესტაფონის  მუნიციპალური პარკირების რეგულირების საწარმო“ არ კრეფს პარკირების საფასურს და კარგავს დამატებით შემოსავლებს.

შპს „ყვირილა“

შპს „ყვირილა“ განკარგავს მუნიციპალიტეტიდან მიღებულ 2 მიწის ნაკვეთს, საერთო ფართით – 12,792.0 კვ. მ და შენობა-ნაგებობას – ფართით 873.0 კვ.მ. შპს-ის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს გადაცემულ ტერიტორიაზე ბაზრობის მოწყობა – პირუტყვით, მარცვლეულით, ფქვილით ვაჭრობის ორგანიზება, აგრეთვე ქონების იჯარით გაცემა. შპს „ყვირილას“ 2018-2019 წლებში სულ მიღებული აქვს 110.1 ათასი ლარის შემოსავლი. აქედან, ბაზრობების მოწყობიდან მიღებული გადასახადი 33.7 ათასი ლარია, ხოლო 76.4 ათასი ლარი შემოსულია ქონების იჯარიდან. მუნიციპალიტეტს ფინანსური სარგებელი საწარმოს საქმიანობიდან არ მიუღია.

წარმოდგენილი დოკუმენტებით ირკვევა, რომ შპს-ის 28 სუბიექტზე იჯარით გაცემული აქვს 1,394.0 კვ.მ ფართი. საიჯარო ტერიტორიებიდან საჯარო რეესტრში დარეგისტრირებულია მხოლოდ 2 მოიჯარეზე გაცემული 440 კვ.მ ფართი. იჯარის წლიური გადასახადი 1 კვ.მ ფართზე მერყეობს 13-დან 75 ლარის ფარგლებში.

საწარმოს მიერ ქონების განკარგვის პროცესი შეიცავს რისკს, რომ მიღებული შემოსავლების ნაწილი შემოსავალში დოკუმენტურად არ აღირიცხება, კერძოდ: საწარმოში დასაქმებულთა საშუალო ხელფასი შეადგენდა თვეში 151-192 ლარს. მათ შორის, დირექტორის საშუალო ხელფასი – 234 ლარი, ხოლო მოსაკრებლის ამკრეფის – 138-168 ლარია.

შპს „ყვირილას“ წესდების მიხედვით, მასზე გადაცემული ქონების იჯარით გაცემა შეთანხმებული უნდა ყოფილიყო მუნიციპალიტეტთან. 57 შპს-ის მიერ 2018-2019 წლებში იჯარით გაცემული 28 ობიექტიდან მუნიციპალიტეტთან შეთანხმებულია და იჯარის თანხა ექსპერტის (აუდიტის) მიერ განსაზღვრულია მხოლოდ 6 შემთხვევაში. დანარჩენი ობიექტების იჯარის თანხა შპს-ის მიერ განსაზღვრულია დამოუკიდებლად, მენეჯმენტის შეხედულებისამებრ, რაც არ გამორიცხავს გადასახადის სუბიექტურად, საბაზროსთან შედარებით დაბალი ფასით განსაზღვრის რისკს. აღნიშნულზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ მარცვლეულით მოვაჭრეებზე გაცემული 1 კვ.მ ფართის საიჯარო ქირა წელიწადში მერყეობს 20 ლარიდან 55 ლარამდე. ბაზრის კომპაქტურ ტერიტორიაზე საიჯარო ტერიტორიების განლაგება ფასთან მიმართებაში მოკლებულია ყოველგვარ ლოგიკას. კერძოდ, გაურკვეველია რა პრინციპით განისაზღვრა მნიშვნელოვანი განსხვავებით მოსაზღვრე ნაკვეთების 1 კვ.მ-ის საიჯარო ქირა. პროცესი შეიცავს რისკებს, რომ ქონება დაბალი ფასით გაცემული იყო ფორმალურად და შპს სრულად არ აღრიცხავდა და იღებდა არაოფიციალურ შემოსავლებს. აღნიშნულ მოსაზრებას ამყარებს ის გარემოება, რომ 2018-2019 წლებში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი შეადგენდა თვეში 174-188 ლარს,58 რაც აღემატება მოსაკრებლების ამკრეფების საშუალო ხელფასს.

კულტურისა და სპორტის ა(ა)იპ-ები

2018-2019 წლებში ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებდა 12 ა(ა)იპ, რომელთა დაფინანსებაზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან გაწეულია 11,251.8 ათასი ლარის ხარჯი. მიღებული თანხის 68.5% გახარჯულია შრომის ანაზღაურებაზე. 2018-2019 წლებში ა(ა)იპ-ებში დასაქმებული იყო 912-953 პირი.

ა(ა)იპ-ებში დასაქმებულთა მაღალი რიცხოვნობა და შესაბამისად, საბიუჯეტო ასიგნებების ზრდა ნაწილობრივ განპირობებულია დაფუძნებული სუბიექტების ორგანიზაციული სტრუქტურის ნაკლოვანებით, კერძოდ:

  • მუნიციპალიტეტში კულტურის სფეროს მართვის მიზნით, ფუნქციონირებს 6 იურიდიული სუბიექტი. თითოეული ა(ა)იპ წარმოდგენილია დამოუკიდებელი სუბიექტის სახით, მართვის შესაბამისი ადმინისტრაციული რგოლით. 2018-2019 წლებში მუნიციპალიტეტმა აღნიშნული ორგანიზაციების დაფინანსებაზე დახარჯა 1,661.0 ათასი ლარი. მათ შორის, თითოეული სუბიექტის ადმინისტრაციაში დასაქმებულია 2-5 პირი,რომელთა სახელფასო ხარჯი 232.0 ათასი ლარია.
  • მოქალაქეთა გაჯანსაღების, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების ხელშეწყობისა და ფიზიკური განვითარების მიზნით, მუნიციპალიტეტში დაფუძნებულია იდენტური პროფილის 2 ა(ა)იპ.  აღნიშნული სუბიექტების დაფინანსებაზე მუნიციპალიტეტმა 2018-2019 წლებში დახარჯა 1,151.5 ათასი ლარი. აქედან, ადმინისტრაციაში დასაქმებულია 3-4 პირის სახელფასო ხარჯმა 140.6 ათასი ლარი შეადგინა.

აუდიტის ჯგუფის მოსაზრებით, კულტურისა და სპორტის სფეროების მართვა, საქმიანობის არსებული მასშტაბიდან და სპეციფიკიდან გამომდინარე, მომსახურების ხელმისაწვდომობისა და ხარისხის შეუცვლელად, შესაძლებელია განხორციელდეს თითოეულ სფეროში ერთი ორგანიზაციის მიერ. მუნიციპალიტეტმა ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები, რატომ არის უფრო ეფექტიანი და მეტი შედეგის მომტანი აღნიშნული საქმიანობისათვის 8 დამოუკიდებელი ა(ა)იპ-ის ფუნქციონირება. დაფუძნებული სუბიექტების სტრუქტურული გაერთიანება გამოიწვევს ადმინისტრაციული ხარჯის შემცირებას, შესაბამისად, ფინანსური და მატერიალური რესურსების
ეკონომიას.

სახელმწიდო აუდიტის სამსახურის დასკვნის მიხედვით, მერია არ ახორციელებს დაფუძნებული სუბიექტების საქმიანობის სათანადოკონტროლსა და ზედამხედველობას, რის გამოც მათი ფუნქციონირება ხარვეზებით მიმდინარეობს: საბიუჯეტო რესურსები იხარჯება არამართლზომიერად, არსებული შემოსავლები სრულად არ აღირიცხება, ქონება განკარგულია არაეფექტიანად და სხვ. მუნიციპალიტეტის მხრიდან ზემოაღნიშნული მიდგომა ხელს ვერ შეუწყობს დაფუძნებული სუბიექტების განვითარებას, ფინანსური შედეგების გაუმჯობესებას და მისაღები დივიდენდების ზრდას.

აუდიტის რეომენდაციაა, მერიამ შეისწავლოს დაფუძნებული იურიდიული პირების სარგებლიანობისა და არსებული საკადრო პოლიტიკის საკითხი და მიიღოს ოპტიმალური გადაწყვეტილება, რომელიც გაზრდის მათი საქმიანობის ეფექტიანობას. ამასთანავე, შეიმუშაოს სუბიექტების მართვის ისეთი კონტროლის მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს შემოსავლების ბიუჯეტში დროულ და სრულ მობილიზებას. აღნიშნული ხელს შეუწყობს საბიუჯეტო სახსრების პროდუქტიულ გამოყენებასა და შემოსავლების გაზრდას.