ხარვეზები ახალქალაქის მერიაში – აუდიტის სამსახური მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლების საქმიანობის შედეგებს აქვეყნებს

417

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის საქმიანობაში ხარვეზები გამოავლინა, ანგარიშის მიხედვით, მუნიციპალიტეტმა კონტროლის სისუსტეების გამო, ვერ უზრუნველყო ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულება ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. ქონების განკარგვის პროცესი კი მუნიციპალიტეტში ხასიათდება სისტემური ნაკლოვანებით. ხარვეზები გამოვლინდა საპროექტო დოკუმენტების შესყიდვაშიც.

აუდიტის ანგარიში ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის 2018-2019 წლების საქმიანობს ეხება, შედეგად გამოვლინდა:

ხარვეზებით მოწყობილი ინფრასტრუქტურული პროექტები – ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულებასთან დაკავშირებული კონტროლის სისუსტეების შედეგად, მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო ობიექტების შესრულება ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. შედეგად,  38 ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებულ 7,982.6 ათასი ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურულ პროექტებს აღენიშნება სხვადასხვა ხარვეზი და პროექტების მდგომარეობა მოკლე პერიოდში გაუარესებულია.

გამოუყენებელი ინფრასტრუქტურული პროექტები – მუნიციპალიტეტმა სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტზე დახარჯა 243.5 ათასი ლარი, მიმწოდებლებს დასრულებული აქვთ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები, თუმცა ობიექტი არ ფუნქციონირებს. შედეგად, საბიუჯეტო სახსრები დახარჯულია არაეფექტიანად.

შესყიდვების პროცესში არსებული ხარვეზები – მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო საპროექტო დოკუმენტაციის დადგენილ პერიოდში შესყიდვა. შედეგად, იძულებული გახდა გადაუდებელი აუცილებლობის მოტივით, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით შეესყიდა 502.6 ათასი ლარის სამუშაოები. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სამუშაოების შესყიდვისას მერიამ არ გამოაცხადა ტენდერი, რითაც დაკარგა სატენდერო ეკონომიის მიღების შესაძლებლობა. სატენდერო კომისიამ დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია განახორციელა კანონმდებლობის დარღვევით და დაკარგა 9.8 ათასი ლარის სატენდერო ეკონომია. შესყიდვების პროცესის მართვის ხარვეზების გამო, მუნიციპალიტეტმა დაუსაბუთებლად გაზარდა მიწოდების ვადა, ვერ მიიღო 16.1 ათასი ლარის კუთვნილი საჯარიმო თანხები.

ქონების განკარგვა არაუფლებამოსილი პირების მიერ/მიუღებელი საიჯარო ქირა – ქონების განკარგვის პროცესი მუნიციპალიტეტში ხასიათდება სისტემური ნაკლოვანებით: ქონების ნაწილს, შესაბამისი ხელშეკრულების გარეშე, იყენებენ არაუფლებამოსილი პირები და ქირას მუნიციპალიტეტს არ უხდიან. გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც ქონებიდან სარგებელს, მუნიციპალიტეტის ნაცვლად, იღებს სხვადასხვა არაუფლებამოსილი პირი.

ინვენტარიზაციის ხარვეზები – 2019 წელს, მუნიციპალიტეტში არ ჩატარებულა ძირითადი საშუალებებისა და მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, რაც მნიშვნელოვნად ზრდის აქტივების დაკარგვის, დაზიანებისა და არამართლზომიერი გამოყენების რისკებს.

მოსახლეობის წყალმომარაგებაში არსებული ხარვეზები – მოსახლეობის წყალმომარაგება, ზოგ შემთხვევაში, ხორციელდება შეფერხებით და დადგენილი სტანდარტების შეუსაბამო, სასმელად უვარგისი წყლით, თუმცა მუნიციპალიტეტს სათანადო ღონისძიებები არ გაუტარებია აღნიშნულის გამოსასწორებლად. მუნიციპალიტეტს არ განუსაზღვრავს სამოქმედო გეგმა.

ხარვეზების გამოსასწორებლად აუდიტის სამსახურმა ახალქალაქის მერიას და საკრებულოს რეკომენდაციები მისცა.

რეკომენდაცია N1: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიას

  • დანერგოს კონტროლის სათანადო მექანიზმები და პროცედურები, რომლებიც უზრუნველყოფს მაღალი რწმუნების მიღებას, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოები სრულდება ხარისხიანად და ხელშეკრულების პირობების შესაბამისად;
  • რეგულარულად აწარმოოს შესყიდული ობიექტების მონიტორინგი და ხარვეზების გამოვლენის შემთხვევაში, აამოქმედოს გარანტიის მექანიზმი ნაკლოვანებების/ხარვეზების დროულად აღმოფხვრის მიზნით, ხოლო ობიექტის მექანიკური დაზიანების/ვანდალიზმის შემთხვევაში, მიმართოს შესაბამის ორგანოებს.

აღნიშნული ღონისძიებები ხელს შეუწყობს ობიექტების გამართულ ფუნქციონირებას და ინფრასტრუქტურული პროექტებით სარგებლობის შესაძლებლობას ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში.

რეკომენდაცია N2: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიას

  • კონკრეტული ინფრასტრუქტურული პროექტის დაგეგმვის დროს შეისწავლოს მის ხელთ არსებული ფინანსური და მატერიალური რესურსები და აქედან გამომდინარე, განსაზღვროს, რამდენად შესაძლებელია პროექტის განხორციელება და დასახული მიზნის მიღწევა;
  • უზრუნველყოს დაწყებული პროექტების დასრულება. ასევე გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები პასუხისმგებელი პირების მიმართ, რომელთაც ევალებოდათ პროექტების სათანადოდ დაგეგმვა და შესრულება.

რეკომენდაცია N3: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიას და საკრებულოს

  • შეიმუშაონ წესი საკუთრებაში არსებული ქონების მართვის, განკარგვისა და სათანადო კონტროლის მექანიზმების დაწესების შესახებ. აღნიშნული ხელს შეუწყობს მერიას დროულად აიცილოს ან/და გამოავლინოს შემთხვევები, როდესაც მის საკუთრებაში არსებული ქონება თვითნებურად აქვთ დაკავებული უკანონო მოსარგებლეებს;
  • მერიამ შეიმუშაოს და დანერგოს კონტროლის ისეთი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს დროებით სარგებლობაში გაცემული ქონებიდან მისაღები საიჯარო თანხის სრულად და დროულად ამოღებას;
  • მერიის შესაბამისმა პასუხისმგებელმა პირებმა შეისწავლონ მოიჯარეების დავალიანებები და მათ მისაღებად გაატარონ სათანადო ღონისძიებები;
  • მერიამ გამოავლინოს საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვასა და კონტროლზე პასუხისმგებელი პირები და მათ მიმართ გაატაროს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.

რეკომენდაცია N4: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიას და საკრებულოს

  • დაგეგმონ და განახორციელონ კომპლექსური ღონისძიებები, რომლებიც გონივრულ ვადაში უზრუნველყოფს წყალმომარაგების გაუმჯობესებას და მისი ხარისხის დადგენილ ნორმებთან შესაბამისობას;
  • მერიამ მოაწესრიგოს წყლის არსებული სისტემები, განახორციელოს სათანადო ღონისძიებები, რათა წყლის სისტემების ექსპლუატაცია და მოვლა-შენახვა სრულად უზრუნველყოს მოქმედი კანონმდებლობით დარეგისტრირებულმა ლიცენზირებულმა კომპანიამ.

აღნიშნული ხელს შეუწყობს მოსახლეობის გამართულ წყალმომარაგებას სასმელად ვარგისი წყლით.

რეკომენდაცია N5: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიას

  • განახორციელოს ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაცია კანონმდებლობით დადგენილი წესით, რაც უზრუნველყოფს აქტივებისა და ვალდებულებების ფაქტობრივი ნაშთების დადგენას და მათ შედარებას სააღრიცხვო მონაცემებთან;
  • განსაზღვროს ინვენტარიზაციის განმახორციელებელი პასუხისმგებელი პირები, კონტროლზე აიყვანოს და უზრუნველყოს ინვენტარიზაციის ჩატარება მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული პერიოდულობის შესაბამისად.

აღნიშნული ხელს შეუწყობს აქტივებისა და ვალდებულებების ფაქტობრივი ნაშთების დადგენას, აქტივების შენახვის, დაცვისა და ექსპლუატაციის წესების შესრულებას, ასევე ვალდებულებებისა და აქტივების აღრიცხვის გაუმჯობესებას.