აუდიტი: გარდაბნის მუნიციპალიტეტში, უმრავლეს შემთხვევაში, მოსახლეობას ტექნიკური წყალი მიეწოდება

419

გარდაბნის მუნიციპალიტეტი საბიუჯეტო რესურსების მნიშვნელოვან ნაწილს ხარჯავს წყლის სისტემების მოწყობასა და რეაბილიტაციაზე, მიუხედავად ამისა, მოსახლეობის ნაწილს წყალი გრაფიკით მიეწოდება. ამასთანავე, უმრავლეს შემთხვევაში გამწმენდი ნაგებობების არარსებობის გამო, წყალი არ იწმინდება და მოსახლეობას მიეწოდება ტექნიკური წყალი. პრობლემა სისტემურია, თუმცა, მერიას მისი მოგვარების მიზნით სათანადო ღონისძიებები არ გაუტარებია. ამის შესახებ აღნიშნულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლის საქმიანობის ანგარიშში.

აუდიტის ანგარიშში წერია, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტში სასმელი წყლის სისტემების რეაბილიტაციისა და ექსპლოატაციის მიმართულებით, 2018-2019 წლებში 10,045.3 ათასი ლარი დაიხარჯა.

მუნიციპალიტეტში მცხოვრები 26,222 ოჯახიდან წყალი მუდმივად მიეწოდება 3,410 ოჯახს, გრაფიკით − 16,287 ოჯახს, ხოლო 6,525 ოჯახს მიეწოდება ჭებითა და წყაროებით.

ანგარიშის თანახმად, გარდანის მუნიციპალიტეტში არ არის დადასტურებული სასმელი წყლის უსაფრთხოება და უვნებლობა.

„წყლის სისტემები მოწყობილია ქალაქ გარდაბანსა და 32 სოფელში. აღსანიშნავია, რომ ქალაქ გარდაბანსა და 6 სოფელს14 სასმელი წყლით უზრუნველყოფს შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, ხოლო 2 სოფელს − შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“. დანარჩენი სოფლების მოსახლეობას წყალი მიეწოდება სხვადასხვა დროს მოწყობილი წყლის სისტემებით, რომელთა გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელია მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ − „გარდაბანსერვისი“. აღნიშნული ორგანიზაცია არ ფლობს კანონით განსაზღვრულ ლიცენზიას. აღნიშნულ სისტემებზე გამწმენდი ნაგებობების არარსებობის გამო, წყალი არ იწმინდება და მოსახლეობას მიეწოდება ტექნიკური წყალი.

მუნიციპალიტეტის პასუხისმგებელი პირის განმარტებით, წყალი ლაბორატორიულად მოწმდება მხოლოდ ახალი ჭაბურღილის ან ახალი სათავე ნაგებობის მოწყობის დროს, ერთჯერადად. სხვა შემთხვევებში კი მოსახლეობისათვის მიწოდებული სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მაჩვენებლებთან შესაბამისობის კონტროლი და მონიტორინგი არ ხორციელდება. შესაბამისად, არ არის დადასტურებული სასმელი წყლის უსაფრთხოება და უვნებლობა. ხელმისაწვდომი ფინანსური რესურსების პირობებში პრობლემა ატარებს სისტემურ ხასიათს,“- წერია დოკუმენტში.

გარდა ამისა, ანგარიშში აღნიშნულია, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების ქსელის სარეაბილტაციო სამუშაოებისათვის 8 მილიონი ლარის ღირებულების ხელშეკრულება დაფორმდა, რომლის დასრულების ვადა 3-ჯერ გადაიდო და მოსახლეობისათვის წყლის მიწოდების საკითხი კვლავაც მოუგვარებელია.

„2016 წელს სახელმწიფომ გარდაბნის მუნიციპალიტეტს უსასყიდლოდ გადასცა სოფლების: ახალსოფლის, ნორიოსა და მარტყოფის წყალმომარაგების ქსელის სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაცია. ამ პროექტის საფუძველზე, 2017 წლის 31 მაისს, მუნიციპალიტეტმა გამარტივებული შესყიდვის გზით, ხელშეკრულება გაუფორმა შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას“ წყალმომარაგების ქსელის პირველი ეტაპის სამუშაოების შესასყიდად, ღირებულებით 8 მლნ ლარი. სამუშაოების დასრულების თარიღად განისაზღვრა 2017 წლის 29 დეკემბერი. სამუშაოები შეასრულა შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ქვეკონტრაქტორმა − შპს „კომფორტმშენ XXI“-მ.18 წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით, მშენებლობის პროცესში შემსრულებელი კომპანიის მიერ გამოვლინდა საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში არსებული ხარვეზები, ასევე სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ ვერ უზრუნველყოფდა ელექტროენერგიის მიწოდებას. მიზეზების გამო, სამუშაოების დასრულების ვადა გაგრძელდა და გადავადდა სამჯერ − 2018 წლის 31 მაისამდე, თუმცა ამ ვადაშიც ვერ მოხერხდა სამუშაოების დასრულება.

ამ ეტაპისთვის შესრულებული იყო 4,608.3 ათასი ლარის ღირებულების სამუშაო, რაც ანაზღაურებულ იქნა მერიის მიერ. საბოლოოდ, მიმწოდებლის მოთხოვნის საფუძველზე, მუნიციპალიტეტმა 2018 წლის პირველ ივნისს შეწყვიტა ხელშეკრულება იმ გარემოებით, რომ საპროექტო დოკუმენტაცია საჭიროებდა მნიშვნელოვან ცვლილებებს, რაც დაადასტურა საზედამხედველო საექსპერტო კომპანიამ − შპს „ოპტიმალ გრუპ+“-მა. საპროექტო დოკუმენტაციის ცვლილების შემდგომ, სამუშაოების გასაგრძელებლად, 2019 წლის 8 თებერვალს მუნიციპალიტეტმა ახალი ხელშეკრულება გაუფორმა გამარტივებული შესყიდვის გზით, შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას“, ღირებულებით − 3,374.6 ათასი ლარი.

ამ ეტაპზეც სამუშაოებს ასრულებდა ქვეკონტრაქტორი – შპს „კომფორტმშენ XXI“. სამუშაოების დასრულების ვადად განისაზღვრა 2019 წლის 8 დეკემბერი. 2019 წლის 6 დეკემბერს, მხარეებს შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლის თანახმად სამუშაოების დასრულების ვადა გაგრძელდა 2020 წლის 30 ივნისამდე. წარმოდგენილი დოკუმენტების თანახმად, სამუშაოების მიწოდების ვადის გაგრძელება გამოიწვია იმ გარემოებამ, რომ სს „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ ამ პერიოდშიც ვერ უზრუნველყო ელექტროენერგიის მიწოდება.

ამგვარად, იმის გათვალისწინებით, რომ სამუშაოების გაგრძელება გადაწყვეტილი იყო იმავე კომპანიის მიერ, შემსრულებელს საკმარისი ვადა ჰქონდა წინასწარ მოეგვარებინა ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებული ხარვეზები. საბოლოოდ, მიმწოდებელმა სამუშაოები დაასრულა 2020 წლის 30 ივნისს. 2020 წლის 23 ივლისს მუნიციპალიტეტმა ჩაიბარა 3,324.3 ათასი ლარის სამუშაო. აღსანიშნავია, რომ ამით დასრულდა წყალმომარაგების სამუშაოების პირველი ეტაპი. მეორე ეტაპის სამუშაოებს აწარმოებს მუნიციპალური განვითარების ფონდი.

მიუხედავად იმისა, რომ წყალმომარაგების სამუშაოები გრძელდებოდა 2 წლისა და 6 თვის განმავლობაში და დაიხარჯა 7,932.6 ათასი ლარი, მოსახლეობისათვის წყლის მიწოდების საკითხი კვლავ მოუგვარებელია,“- წერია დოკუმეტში.

აუდიტის რეკომენდაციაა, რომ მუნიციპალიტეტმა შეიმუშაოს დამატებითი კონტროლის მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს სამშენებლო სამუშაოების ჩატარებას ხარისხიანი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით. გარდა ამისა, შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადების ცვლილება განახორციელოს მხოლოდ ობიექტური და ფორსმაჟორული საფუძვლების არსებობისას. მუნიციპალიტეტმა შეისწავლოს მიმწოდებელზე საჯარიმო სანქციის დაურიცხაობის ფაქტი, გამოავლინოს გამომწვევი მიზეზები, პასუხისმგებელი პირები და გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები. მერიამ, საკრებულოსთან შეთანხმებით, დაგეგმოს და განახორციელოს ღონისძიებები, რომლებიც გონივრულ ვადაში უზრუნველყოფს წყალმომარაგებისა და წყლის ხარისხის გაუმჯობესებას. ასევე განახორციელოს სათანადო ღონისძიებები, რათა წყლის სისტემების ექსპლოატაცია და მოვლა- შენახვა უზრუნველყოს მოქმედი კანონმდებლობით დარეგისტრირებულმა ლიცენზირებულმა კომპანიამ.