ათწლეულების განმავლობაში პირველად, რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტი სრულად განახლდა. ევრო 5-ის სტანდარტის, გარემოსთვის უსაფრთხო ახალი მუნიციპალური ავტობუსებით, რუსთავის მოსახლეობის უმრავლესობა მერიის მიერ დაწესებული შეღავათიანი ტარიფით იმგზავრებს. ამის შესახებ ტვ4 წერს.
22 ერთეული ახალი ავტობუსი რუსთაველებს 8 თებერვლიდან მოემსახურება. განახლებული ავტოპარკის პრეზენტაცია დღეს, კოსტავას გამზირზე გაიმართა.
პრეზენტაციას, რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო ლაცაბიძე, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, ქვემო ქართლის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი, ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი, მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელი და ინფრასტრუქტურის და რეგიონული განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები დაესწრნენ.
ურბანული ტრანსპორტის განვითარების პროგრამის ფარგლებში, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, რუსთავს 22 ერთეული ევრო- 5 სტანდარტის ახალი ავტობუსი უკვე გადასცა, პროგრამით გათვალისწინებულ კიდევ 18 სატრანსპორტო საშუალებას, კი რუსთავი უახლოეს მომავალში მიიღებს. ავტობუსები სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე.
პროგრამა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა და სხვადასხვა მუნიციპალიტეტისთვის 175 ერთეული, საერთო ჯამში, 18.7 მილიონ ევროს ღირებულების, თანამედროვე სტანდარტების ავტობუსის შეძენას გულისხმობდა.
ურბანული ტრანსპორტის განვითარებისათვის საქართველოს ექვსი ქალაქი- რუსთავი, თელავი, ფოთი, გორი, ზუგდიდი და ქუთაისი იყო შერჩეული. 175 სატრანსპორტო საშუალებიდან, რუსთავის მუნიციპალიტეტისთვის პროგრამით 40 ავტობუსი იქნა გათვალისწინებული.