ქართული ოცნება დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოვიდა, – ამის შესახებ მმართველი პარტიის დეპუტატმა, კახა კუჭავამ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.
“დროებითი საგამოძიებო კომისია ყველა დაინტერესებული სუბიექტის, საერთაშორისო პარტნიორებისა და ექსპერტების, პოლიტიკური პარტიებისა თუ შესაბამისი ორგანიზაციების მაქსიმალური ჩართულობით არჩევნების სრულფასოვან შეფასებას უზრუნველყოფს სხვადასხვა ინსტრუმენტის, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში უბნების მასშტაბური გადათვლის გამოყენებით”, — განაცხადა მან.
კუჭავას განცხადებით, თუკი დაფიქსირდება თუნდაც 1%-იანი გადახრა ქართული ოცნების სასარგებლოდ, ისინი მზად არიან რიგგარეშე არჩევნები დანიშნონ. თუმცა, მისი თქმით, პარტიაში “ღრმად” არიან დარწმუნებულნი, რომ “დაფიქსირებული შედეგებიდან გადახრა გამორიცხულია”.
“ეს კიდევ ერთი ტესტი იქნება ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციისთვის, რეალურად ჯერათ იმ ბრალდებების, რომელსაც ახმოვანებენ, თუ ბრალდებები არჩევნებში საკუთარი მარცხის გასამართლებლად და საკუთარი დესტრუქციული მიზნების მისაღწევად გამოიგონეს, რაც აშკარად იკვეთება მათ პოსტსაარჩევნო ქმედებებსა და განცხადებებში”, — თქვა კუჭავამ,
მან ოპოზიციას მოუწოდა, ჩაერთონ საგამოძიებო კომისიის მუშაობაში და “ან ფაქტით დაამტკიცონ ბრალდებები ან ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას”. კუჭავას თქმით, ახალ ინიციატივას, სავარაუდოდ, დღესვე დააინიცირებენ.