ქუთაისის მერიის შიდა აუდიტის სამსახურმა საბინაო სამსახურის საქმიანობა შესწავლა და 40-მდე დარღვევა აღმოაჩინა. ამის შესახებ ქუთაისი პოსტი წერს.
აუდიტმა საბინაო სამსახურის მუშაობის 3 წლიანი პერიოდი (2017-2019) შეისწავლა. დასკვნის შედეგად გამოიკვერთა, რომ ძირითადი დარღვევები სამსახურს სახელმწიფო შესყიდვებზეა. დასკვნაში წერია, რომ არაკვალიფიციურად შედგენილი დოკუმენტაციების გამო ხშირ შემთხვევაში ვერ ხერხდებოდა სამუშაოების განხორციელება. საუბარია, სახელმწიფო შესყიდვების ვებ გვერდზე ასატვირთ დოკუმენტაციაზე.
“რიგ შემთხვევებში არ არის წარმოდგენილი შესაბამისი ბაზის კვლევები, მიუხედავად იმისა, რომ პროექტები შესყიდულია და თითოეული ობიექტი შესაბამისი პროექტის მიხედვით კეთდებოდა, ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც პროექტს არ ახლავს ხარჯთაღრიცხვა, აქედან გამომდინარე პროექტი არ უნდა ჩაითვალოს ბაზრის კვლევად”, – წერია დოკუმენტში.
შიდა აუდიტს სახელმწიფო შესყიდვების გარდა შენიშვნები სხვა მიმართულებითაც აქვს. მაგალითად, საბინაო სამსახურს არ აქვს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების სრული და განახლებადი ბაზა, არსებული მონაცემები არ ასახავს ინფორმაციას პროგრამებით მოსარგებლე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ქონების ტექნიკური მდგომარეობის შესახებ. აუდტის სამსახური მერს რეკომენდაციას აძლევს.
“განისაზღვროს შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში, განხორციელებული პროექტის შედეგად მოწყობილი ან/და რეაბილიტირებული ობიექტის მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელი პირი; მოხდეს შესაბამისი ობიექტების მშენებლობის წარმოებამდე, ა(ა)იპ „არქირექტურის, ურბანული დაგეგმარებისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოსთან“ მშენებლობის შეთანხმება, რაც არის უსაფრთხოების ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორი, რაც შემდგომში საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურსა და ამხანაგობას მისცემს რწმუნებას უსაფრთხო მშენებლობის შესახებ”,- წერია დასკვნაში.
აუდიტის სამსახურმა სპორტული მოედნების მოწყობა-რეაბილიტაციის საკითხებიც შეისწავლა და დაადგინა, რომ არ არის დადგენილი სპორტული მოედნების საკადასტრო საზღვრები, არ არის წარმოდგენილი შესაბამისი ბაზრის კვლევები, პროექტებს არ ახლავს ხარჯთაღრიცხვა; სპორტული მოედნების მოწყობა-რეაბილიტაციის შემდეგ არავინ ახორციელებს მათ მოვლა-პატრონობას.
ამავე კვლევაში მოხვდა სტიქიისშედეგების სალიკვიდაციო პროგრამა, თუმცა აუდიტის სამსახურმა ამ პროგრამის შესწავლა ვერ შეძლო. მიზეზად ისაა, რომ საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურმა 2017-დან 2019 წლის ჩათვლით სტიქიის ფარგლებში განხორციელებული ელექტრონული შესყიდვების დოკუმენტაცი აუდიტს ნაწილობრივ გადასცეს, რაც საკმარისი არ აღმოჩნდა პროგრამის შესამოწმებლად.
“აუდიტის ობიექტმა ვერ წარმოადგინა სტიქიით დაზარალებულთა ბაზა/მონაცემები, რის საფუძველზეც ხდებოდა შესყიდვები, ასევე დოკუმენტები რითაც განისაზღვრებოდა კონკრეტული შესყიდვის საჭიროება, შესყიდული მასალების განაწილების ოქმები, მიღება-ჩაბარებები, რითაც დადასტურდებოდა ვისზე და რა რაოდენობით გაიცა შესყიდული მასალები”,- წერია კვლევაში.
შიდა აუდიტის დასკვნა ,,ნაციონალური მოძრაობის” საკრებულოს დეპუტატმა გიგა შუშანიამ გაასაჯაროვა. მერიაში არ თვლიან, რომ დოკუმენტით სამართალდამცავი უწყებები უნდა დაინტერესდნენ და აცხადებენ, რომ ოპოზიცია დოკუმენტის არასწორ ინტერპრეტაციას აკეთებს.
ოპოზიცია კი მერიას დოკუმენტზე საპასუხო ქმედებების განსახორციელებლად ერთ კვირიან ვადას აძლევს. თუ მერიას დოკუმენტს სამართალდამცავ უწყებებს არ გადაუგზავნის, პროკურატურაში მას “ნაციონალური მოძრაობა” გადააგზავნის.