“საერთაშორისო გამჭვირვალობა”: ქობულეთის, ფოთისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტების ტენდერებში, სავარაუდო კორუფციაზე მიუთითებს

712

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ქობულეთის, ფოთისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტების ტენდერებში, რომლებშიც კომპანია „ჯორჯიან სტოუნმა“ გაიმარჯვა, სავარაუდო კორუფციაზე მიუთითებს.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ კვლევის თანახმად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის ყოფილი უფროსის, ბადრი რომანაძის კომპანია „ჯორჯიან სტოუნი” ქობულეთის მუნიციპალიტეტის შესყიდვებიდან ისევ დიდ მოგებას იღებს – კომპანიამ 2020 წელს ელექტრონული ტენდერებიდან მიღებული შემოსავლის 58% (5,837,734 ლარი) ქობულეთის მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულებებიდან მიიღო.

კვლევაში წერია, რომ გასულ წელს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” ქობულეთის მუნიციპალიტეტის შესყიდვებში „ჯორჯიან სტოუნისთვის” მორგებულ სატენდერო პირობებსა და სხვა საეჭვო გარემოებებზე კვლევა გამოაქვეყნა, ორგანიზაციამ შესაბამის ორგანოებს გამოძიებისკენ მოუწოდა, თუმცა რეაგირება არ მოჰყოლია.

„ჯორჯიან სტოუნთან” დაკავშირებით საეჭვო ტენდენცია ფოთისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტების შესყიდვებშიც გამოიკვეთა. კომპანიამ 2020 წელს ფოთის ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გამოცხადებულ 3 სახელმწიფო შესყიდვაში პრეტენდენტებს დაბალი ფასის შეთავაზებით აჯობა, თუმცა საბოლოოდ, ხელშეკრულებები კომპანიასთან იმაზე დიდ თანხებზე გაფორმდა, ვიდრე ეს სხვა პრეტენდენტებმა წარადგინეს. მეტიც, ხელშეკრულებების თანხამ ტენდერის სავარაუდო ღირებულებას გადააჭარბა. საეჭვო გარემოებებია „ჯორჯიან სტოუნთან” გაფორმებულ მსხვილი შესყიდვის ხელშეკრულებაში თერჯოლის მუნიციპალიტეტის შემთხვევაშიც. ყურადღებას იქცევს ამ დოკუმენტში შეტანილი ცვლილებების რაოდენობაც.

აღნიშნული გარემოებები ამჯერად მაინც უნდა გახდეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს დაინტერესების საგანი.

6 მილიონამდე ლარი ქობულეთის შესყიდვებიდან 2020 წელს

2020 წელს „ჯორჯიან სტოუნმა” ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2 მსხვილი შესყიდვიდან 5,837,734 ლარი (ელექტრონული ტენდერებიდან მიღებული მთელი შემოსავლის 58%) მიიღო. ერთ მათგანში (ტენდერის სავარაუდო ღირებულება 4,7 მილიონი ლარი იყო) კონკურენტს დისკვალიფიკაცია მისცეს.

„ჯორჯიან სტოუნით” დაინტერესება სწორედ ამ გარემოებამ გამოიწვია: ქობულეთის ზღვისპირა პარკის მოწყობის მეორე ეტაპის ტენდერში მუნიციპალიტეტმა დისკვალიფიკაცია მიანიჭა კომპანია Award-ს, რომელმაც თითქმის ნახევარი მილიონი ლარით დაბალი ფასი შესთავაზა და ყოფილი თანამდებობის პირის კომპანიას კონტრაქტი 4,637,636 ლარზე გაუფორმა, რაც მცირედით ჩამორჩებოდა ტენდერის სავარაუდო ღირებულებას (4,773,769 ლარი). 2019 წელს ზღვისპირა პარკის მშენებლობის პირველი ეტაპის ტენდერიც „ჯორჯიან სტოუნმა” მოიგო და 2,770,077 ლარი მიიღო.

კომპანიის დირექტორი, ბადრი რომანაძე 2011-2014 წლებში ქობულეთის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის უფროსი იყო. ქობულეთის მერიამ „ჯორჯიან სტოუნთან” საქმიანი ურთიერთობა სწორედ რომანაძის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ დაიწყო: 2015-2020 წლებში ადგილობრივი თვითმმართველობის შესყიდვებიდან კომპანიამ 24,647,168 ლარი (ტენდერებიდან მიღებული სრული შემოსავლის 65%) მიიღო, აქედან 6 მილიონ ლარზე მეტი – უკონკურენტო პირობებში.

საეჭვო გარემოებები ფოთის და თერჯოლის მუნიციპალიტეტის შესყიდვებში

2020 წელს საეჭვო იყო „ჯორჯიან სტოუნის” წარმატება ფოთის და თერჯოლის მუნიპალიტეტების შესყიდვებშიც – 4 შესყიდვაში კომპანიამ ყველაზე დაბალი ფასის გამო გაიმარჯვა, თუმცა ხელშეკრულებები იმაზე მეტ თანხაზე (3,074,239 ლარი) გაუფორმეს, რასაც ყველაზე მაღალი ფასის მქონე კონკურენტები სთავაზობდნენ შემსყიდველს. ფოთის 3 შესყიდვის შემთხვევაში კი ხელშეკრულებების თანხამ გადააჭარბა ელექტრონული ტენდერის სავარაუდო ღირებულებას.

„ჯორჯიან სტოუნმა” სატენდერო კომისიას ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტები სწორედ იმ თანხის გათვალისწინებით მიაწოდა, რაც ტენდერებში მონაწილეობის დროს მიუთითა, თუმცა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე ატვირთული დოკუმენტაციიდან არ ჩანს, თუ რატომ გაუფორმეს მას ხელშეკრულება სავარაუდო ღირებულებაზე მაღალი ფასით.

ასე მოხდა თერჯოლის მუნიციპალიტეტის ძვირადღირებული შესყიდვის შემთხვევაშიც – „ჯორჯიან სტოუნმა” თვითმმართველობას სამუშაოების ყველაზე დაბალ ფასად შესრულება შესთავაზა, რამაც გამარჯვება მოუტანა, თუმცა ხელშეკრულება კონკურენტის ფასზე მეტ ოდენობაზე გაუფორმდა.

ეს გარემოებები ეწინააღმდეგება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონმდებლობის პრინციპებს და სამართლებრივ ჩარჩოებს, რადგან უგულებელყოფს სამართლიანი კონკურენციის პირობებს და ელექტრონული ტენდერის გამართვის სხვა მიზნებს.

აღსანიშნავია ისიც, რომ ოთხივე შესყიდვის პირობებში გაფორმებულ ხელშეკრულებებში ცვლილებები რამდენჯერმე შევიდა (NAT200003262 – 7-ჯერ, NAT200002538 – 4-ჯერ,  NAT200008970 – 2-ჯერ, NAT200007696 – ერთხელ). ამასთან, ფოთის მუნიციპალიტეტთან გაფორმებულ ყველაზე მსხვილი შესყიდვის (NAT200002538) დოკუმენტი მხარეებმა შეცდომის არსებობის გამო 2-ჯერ შეცვალეს. „ჯორჯიან სტოუნთან” დადებული ხელშეკრულება შეცდომის გამო შეცვალა თერჯოლის მუნიციპალიტეტმაც. ადგილობრივი თვითმმართველობის სატენდერო კომისიებს არ აქვს ატვირთული, თუ რა შეცდომები დაუშვეს კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმების დროს, რაც დამატებით ეჭვებს აღძრავს. აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ ხელშეკრულებებში შეტანილი ცვლილებების უმრავლესობა კომპანიის მიერ აღებული ვალდებულებების გადავადებას ეხება.

ტენდერების გარდა, ფოთის მუნიციპალიტეტმა, გამარტივებული შესყიდვის გზით, სწორედ „ჯორჯიან სტოუნი” შეარჩია, რომ მას დაესრულებინა დემეტრე თავდადებულის ქუჩის მოასფალტების პირველი ეტაპის სამუშაოები – მუნიციპალიტეტმა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ამგვარი შესყიდვის აუცილებლობა იმ გარემოებით განუმარტა, რომ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ, „ტოპგრუპმა” აღებული ვალდებულებები ვერ შეასრულა და აუცილებელი იყო სამუშაოების პირველი ეტაპი სწორედ „ჯორჯიან სტოუნს” დაესრულებინა. სააგენტოს თანხმობის შემდეგ, მუნიციპალიტეტმა „ჯორჯიან სტოუნს” 599,216 ლარის ხელშეკრულება გაუფორმა.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” განცხადებით, ქობულეთის, ფოთისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტების „ჯორჯიან სტოუნის” გამარჯვებით დასრულებული ელექტრონული ტენდერები და კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულებები კონკურენციის პირობების უგულებელყოფის და დაუსაბუთებელი ცვლილებების სიხშირის გამო სავარაუდო კორუფციასთან და პროცესის გაუმჭვირვალობასთან დაკავშირებით ეჭვებს აღძრავს.

აღნიშნული შესყიდვების პროცესში სატენდერო კომისიების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ეწინააღმდეგება კონკურენციის კანონით დადგენილ სტანდარტებს და პრაქტიკულად აზრს უკარგავს სახელმწიფო შესყიდვის ჩატარებას.

ორგანიზაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ დეპარტამენტს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დაიწყოს მოკვლევა ზემოაღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით.