მარნეულის მუინიციპალური ა(ა)იპ „სპორტული სკოლის“ საქმიანობას სახელმწიფო აუდიტის სამსახური შეისწავლის. „სპორტსკოლაში“ აუდიტის სამსახურის შესვლის შესახებ გადაწყვეტილება ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელმა იაგო ნავერიანმა მას შემდეგ მიიღო, რაც მარენულის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე ინიციატივით გამოვიდა, რომ მერიაში შექმნილიყო სპეციალური სამუშაო ჯგუფი რომელიც „სპორტსკოლის“ საქმიანობას შეისწავლიდა.
რადიო „მარნეული“ მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარესთან დაკავშირებას ცდილობდა, რათა გაგვერკვია, თუ რა ეტაპზე იყო კომისიის შექმნის საკითხი, რომელიც გიორგაძემ 2020 წლის 29 დეკემბრის დაანონსა. ჩვენს ზარებს გიორგაძემ არ უპასუხა, მაგრამ საკრებულოს საზოგადოებასთან, მედიასთან, არასამთავრობო სექტორთან ურთიერთობისა და გენდერული თანასწორობის საკითხების განყოფილების უფროსი ია ესებუა თავად დაგვიკავშირდა და გვითხრა, რომ „სპორტსკოლის“ საქმიანობის შემსწავლელი კომისიის შექმნის საჭიროება მერიაში მას შემდეგ აღარ იყო, რაც „სპორტსკოლის“ დირექტორმა აუდიტის სამსახურს მიმართა.
რადიო „მარნეულის“ ზარებს მარნეულის სპორტსკოლის დირექტორი იაგო ნავერიანი არ პასუხობს.
29 დეკემბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ამირან გიორგაძემ მისი მოადგილე მამუკა ნავერიანი, კანონდარღვევასა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში დაადანაშაულა.
გიორგაძე, 28 დეკემბერს, მამუკა ნავერიანის მიერ გაკეთებულ განცხადებასაც გამოეხმაურა, სადაც ნავერიანი მარნეულის მუნიციპალური ა(ა)იპ „სპორტული სკოლის“ ბიუჯეტის საჯარო განხილვას გამოეხმაურა.
მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა ნავერიანის მიერ გაკეთებული განცხადებები სპორტსკოლის ხელმძღვანელობის შეურაცხყოფად შეაფასა და განაცხადა, რომ მათ საკრებულოს კითხვებზე პასუხის გაცემა არ შეუძლიათ. სწორედ ამ სხდომაზე გამოვიდა გიორგაძე ინიციატივით, რომ მერიაში შექმნილიყო სამუშაო ჯგუფი, რომელიც „სპორტსკოლის“ 2019-20 წლების საქმიანობას შეისწავლიდა.