ზუგდიდის სოფელ დარჩელში 90 ბავშვზე გათვლილი სკოლის მშენებლობა დასრულდა

264

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სოფელ დარჩელის №1 საჯარო სკოლის მშენებლობა დაასრულა.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი საქართველოს მთავრობის მიერ 1.7 მილიონი ლარით დაფინანსდა.

მათივე ცნობით, 90 ბავშვზე გათვლილი სკოლა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდა. საკლასო ოთახების გარდა, კეთილმოეწყო სკოლის ეზოც, დამონტაჟდა გათბობის, წყალსადენის და კანალიზაციის სისტემები. სკოლა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, 66 სკოლას აშენებს, რეაბილიტაციისა და ენერგო-ეფექტური კომპონენტის გაძლიერების სამუშაოებს კი 100 სკოლაში ახორციელებს.

უწყების ცნობით, 2020 წელს ინფრასტრუქტურის სამინისტრომ უკვე დაასრულა 20 ახალი სკოლის მშენებლობა 1530 მოსწავლისთვის. 2021 წელს კი დამატებით დასრულდება კიდევ 41 სკოლის მშენებლობა 7020 ბავშვისთვის. ასევე, 2021-2022 წლებში ეტაპობრივად დასრულდება 100-ზე მეტი სკოლის რეკონსტრუქცია/რეაბილიტაციის სამუშაოები, რომელთა შედეგად 16 ათასი მოსწავლე სრულად განახლებულ სკოლაში ისწავლის.

სამინისტროს ცნობით, საგანმანათლებლო პროგრამას საქართველოს მთავრობა და დონორი ორგანიზაციები (CEB და NEFCO) აფინანსებენ. პროგრამის საერთო ღირებულება 300 მილიონ ლარზე მეტია.