ბორჯომში, თორის ქუჩაზე ის კედელი ინგრევა, რომელიც მეწყერსაშიშ ზონაში მდებარე საცხოვრებელი სახლების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. ადგილობრივები აცხადებენ, რომ დაზიანებული კედელი შეიძლება ნებისმიერ დროს ჩამოინგრეს და ვინმე მოიყოლოს. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
მეწყერსაშიშ ზონაში საფრთხე თორის ქუჩის N32, N34 და N38-ში მცხოვრებ მოსახლეობას ექმნება, კერძო სახლებთან ერთად აქ სამსართულიანი კორპუსიც დგას.
„კედელი კომუნისტების დროს არის ჩასხმული, ახლა ავარიულ მდგომარეობაშია. მთავარი პრობლემა ისაა, რომ კედლის საძირკველი მეწყერულ ზონაშია, მიწა ფაქტობრივად გამოცლილი აქვს და ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოინგრეს“, – ამბობს თორის ქუჩაზე მცხოვრები ქეთინო ალადაშვილი.
მისი თქმით, მოსახლეობამ ადგილობრივ ხელისუფლებას დასახმარებლად არაერთხელ მიმართა, თუმცა საყრდენი კედლის გამაგრება ჯერ კიდევ არ დაუწყიათ.
„იციან მერიაშიც და საკრებულოშიც, 2020 წლის ნოემბერში არბოლიშვილიც [ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე]იყო მოსული, რომელმაც თქვა, რომ კედელი ექვემდებარება აღებას და მიმდებარე ტერიტორია რეაბილიტაციას, მაგრამ ამ დრომდე არაფერი ჩანს“, – ამბობს ქეთინო.
ქუჩაზე, სადაც ავარიული კედელი დგას, ყოველდღიურად ათობით მოქალაქე დადის, მათ შორის ბავშვებიც. სამსართულიან კორპუსში მცხოვრები ალექსი დავლაშელიძე, ამბობს, რომ რამდენიმე თვის წინ მიწის ჩამოშლის დროს, მისი მეუღლე შემთხვევით გადაურჩა დაშავებას.
„მიწა, რომ ჩამოიშალა ჩემი მეუღლე ეზოში იყო, სახლში ძლივს შემოასწრო. ახლა ზამთარია და ყინვებია, მაგრამ მიწა, რომ გალღვება არ ვიცი რა გვეშველება. აივანი შემოვღობე, მაგრამ არ ვიცი ეს როგორ დაგვიცავს“, – ამბობს ალექსი დავლაშელიძე.
ადგილობრივები ამბობენ, რომ მეწყერულ ზონაში მცხოვრებლების ნაწილმა, ალტერნატიული ფართით დაკმაყოფილების მოთხოვნით, მერიას მიმართეს და საცხოვრებლად სხვა ქუჩაზე გადავიდნენ, ნაწილს კი საკუთარი სახლის დატოვება არ სურს.
„მე არ დამიწერია განცხადება, მირჩევნია კედელი ააშენონ, რომ მიწა გამაგრდეს. არაერთხელ მივმართეთ მუნიციპალიტეტს, მოდიან სურათებს იღებენ და ისევ მიდიან. ბოლოს საკრებულოს თავმჯდომარესთან ვიყავით, ოთარ არბოლიშვილი დაგვპირდა რომ პროექტს წარადგენს, ველოდებით“, – ამბობს გოგი გოგოლაძე.
„სამხრეთის კარიბჭესთან“ ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, ოთარ არბოლიშვილი აცხადებს, რომ თორის ქუჩის მცხოვრებლების პრობლემა მიმდინარე წელს უნდა მოგვარდეს.
„ამ საკითხზე მე შევხვდი მოსახლეობას და დავპირდი მოგვარებას, რეალურად გასაკეთებელია და ამის უგულებელყოფის უფლება არ გვაქვს. საკმაოდ დატვირთული ადგილია მოსახლეობის მხრივ. აუცილებლად გავაკეთებთ. საპროექტო დოკუმენტების მოსამზადებლად ტენდერი გამოცხადებულია, ეს იანვრის თვე დაგვეკარგა, უქმეები იყო, როგორც კი პროექტი მზად იქნება სამშენებლო ტენდერსაც გამოვაცხადებთ“, – განმარტავს ოთარ არბოლიშვილი.