სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 11 საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს

337

მარტვილის მუნიციპალიტეტში ოთხი საბავშო ბაღის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურის ინფორმაციით, სამშენებლო სამუშაოებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი მალხაზ თორია, მოადგილესთან, ნუკრი ხასიასთან და მარტვილის მუნიციპალიტეტის მერთან, ალექსანდრე გრიგალავასთან ერთად გაეცნო.

„სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით ამჟამად 11 ახალი საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს, წელს დამატებით კიდევ ცხრა საბავშვო ბაღს ავაშენებთ. სამუშაოების მიმდინარეობას დღეს ჩვენ მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუნწში გავეცანით, სადაც სხვადასხვა უბნებში 50 და 30 ბავშვზე გათვლილი ორი საბავშვო ბაღი შენდება. თანამედროვე ინფრასტრუქტურა და ახალი ინვენტარი ხელს შეუწყობს ჩვენს აღსაზრდელებს სკოლამდელი განათლება კომფორტულ გარემოში მიიღონ“,- აღნიშნა მალხაზ თორიამ.

როგორც სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურიში აღნიშნავენ, ხუნწის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ლეციცხვაიეში ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, 30 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღი შენდება. პროექტის ღირებულება 340 146 ლარს შეადგენს.

„საბავშვო ბაღის მშენებლობა საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით კი სამი საბავშო ბაღი შენდება – ონოღიის, დიდი ჭყონის და ხუნწის ადმინისტრაციულ ერთეულებში. პროექტის ფარგლებში სრულიად ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბაღები შენდება. თითოეული მათგანი 50 აღსაზრდელზეა გათვლილი. საბავშვო ბაღების მშენებლობის ღირებულება 2 212 500 ლარს შეადგენს.

2013 წლიდან დღემდე მარტვილის მუნიციპალიტეტში აშენდა ბალდის, ინჩხურის, სერგიეთის, პირველი ნამიკოლაოსაბედათის საბავშვო ბაღები. რეაბილიტაცია ჩაუტარდა 17 საბავშვო ბაღს“,- აღნიშნულია სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურის ინფორმაციაში.