როდის აშენდება ხარაგაულის სოფელ ხევში საბავშვო ბაღი და ამბულატორია

299

რიკოთის ავტობანის მშენებლობის არეალში მოხვედრილი ხევის საბავშვო ბაღისთვის ახალი შენობის აგება, სავარაუდოდ, თებერვლიდან დაიწყება. ამის შესახებ ჩემი ხარაგაული წერს.

ხევში მშენებლობის არეალში მოხვედრილი საზოგადოებრივი ცენტრის შენობაც ახლახან აიგო. კერძო პირისგან შესყიდული 2 250 კვმ მიწის ფართობიდან საზოგადოებრივი ცენტრი 1 050 კვმ ფართობზე აშენდა. დარჩენილი ფართი კი, საბავშვო ბაღისთვის არასაკმარისი აღმოჩნდა. ამიტომ მუნიციპალიტეტი ამავე ტერიტორიის მიმდებარედ 412 კვმ მიწას იმავე მესაკუთრისგან შეიძენს.

საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან მოპოვებული ინფორმაციით, საბავშვო ბაღის არსებული შენობა ახლის აშენებამდე არ დაინგრევა.

საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესის განახლება პირველი მარტიდან იგეგმება.

ავტობანის მშენებლობის არეალშია ხევის საექიმო ამბულატორიაც, რისთვისაც მერია ტერიტორიას ეძებს.

„კარგი იყო საბავშვო ბაღი, საზოგადოებრივი ცენტრი და ამბულატორია ერთ სივრცეში განთავსებულიყო, მაგრამ ჯერჯერობით, ეს ვერ ხერხდება, – ამბობს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი კობა ლურსმანაშვილი, – თუ იგივე კერძო მესაკუთრე დავითანხეთ და მიწის ნაკვეთს ამბულატორიისთვისაც მოგვყიდის, ხომ კარგი, თუ არადა, ხევში ტერიტორიას სხვა ადგილზე მოვიძიებთ“.