ბათუმში საკანალიზაციო ჭების ლუქები მოიპარეს

514

ბათუმის ქუჩებში, საკანალიზაციო ჭების ლუქები ქრება. ბოლო პერიოდში, სახურავები უკვე რამდენიმე ქუჩიდან მოიპარეს. გამოძიება თითოეულ ფაქტზე დაწყებულია, თუმცა პოლიციას, დამნაშავე ჯერ არცერთ შემთხვევაში უპოვია და შესაბამისად, არც დაუკავებია. ინფორმაციას TV25 ავრცელებს.

საკანალიზაციო ჭებს, დამცავი ლუქის გარეშე ბევრ ქუჩაზე შეხვდებით. ისინი ბოლოს, ნოღაიდელის ქუჩაზე გაქრა. სულ რამდენიმე დღეში, მას შემდეგ, რაც ქუჩის კეთილმოწყობა დასრულდა.

სანიაღვრე თუ საკანალიზაციო ჭების სახურავები, ქალაქის კიდევ რამდენიმე მისამართიდან მოიპარეს. პრობლემა ადგილობრივებს აწუხებთ, თუმცა ქურდობას, ერთგვარ გამართლებას მაინც უძებნიან.

მოპარული ლუქები, სარეალიზაციოდ, ჯართის მიმღებ პუნქტებში მიაქვთ.  ასეთი შემთხვევები, რომ ხშირია, ჩამბარებლები არ უარყოფენ.

მიუხედავად იმისა, სავარაუდო სარეალიზაციო ლოკაციები ცნობილია, პოლიცია ხშირად ვერც ნაქურდალს პოულობს და ვერც ქურდის კვალს აგნებს. ამიტომ, “ბათუმის წყალს” ყოველი ახალი ლუქის მონტაჟი  240 ლარი უჯდება. მუნიციპალურ ორგანიზაციაში ამბობენ, რომ პირველი იანვრიდან დღემდე, ვანდალიზმის ოთხი ფაქტი გამოავლინეს და ჯამში, დამატებით 960 ლარის გაღება მოუხდათ.

გამოძიება, თითოეულ შემთხვევაზე მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტრო საქმეს, სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით იძიებს, რაც ქურდობას გულისხმობს.