მოქალაქეებისთვის, რომლებმაც პანდემიის გამო სამსახური დაკარგეს, მიზნობრივი დახმარების გაცემა დაიწყო

638

დაიწყო მიზნობრივი დახმარების გაცემა მოქალაქეებისთვის, რომლებმაც პანდემიის მე-2 ტალღის შედეგად დაკარგეს სამსახური და არ იღებენ ხელფასს. გაიცემა 1 200-ლარიანი დახმარება (200 ლარი 6 თვის განმავლობაში). დღეის მდგომარეობით, კომპენსაცია ჩაერიცხება 106 080 პირს, 21 216 000 ლარის ოდენობით. პირველი თვის ჩარიცხვა უკვე განხორციელდა.

კომპენსაციას მიიღებენ პირები, რომლებიც დაქირავებით საქმიანობას ეწეოდნენ 2020 წლის იანვრიდან – 2020 წლის ნოემბრის ჩათვლით ნებისმიერი ორი ან მეტი თვის განმავლობაში და ამ პერიოდში იღებდნენ ხელფასს, ხოლო 2020 წლის დეკემბრიდან 2021 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდში ერთი ან მეტი თვე არ აუღიათ ხელფასი (მათ შორის, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის/შეჩერების გამო). ამასთან, კომპენსაციის მიღების უფლება აქვს კორონავირუსის გავრცელების პერიოდში დაზარალებულ დაქირავებულ პირს, რომელიც ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო იმყოფება შვებულებაში.

200-ლარიანი დახმარების მიღების მიზნით, დაქირავებულთა შესახებ განაცხადის წარდგენა კომპანიის წარმომადგენლებს ყოველი თვის 20 რიცხვის ჩათვლით შეუძლიათ (იანვრიდან 6 თვის განმავლობაში) დისტანციურ რეჟიმში – მომხმარებლის ავტორიზებული გვერდიდან https://eservices.rs.ge
► ვიდეოინსტრუქცია და პასუხები ხშირად დასმულ კითხვებზე შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულებზე:
https://rs.ge/LawNewsArchive?newsId=159
https://rs.ge/Covid19?cat=7&tab=8
► შემოსავლების სამსახურის განახლებული პროგრამული უზრუნველყოფა შესაძლებლობას მისცემს მომხმარებელს თავად გადაამოწმოს, არის თუ არა მისი მონაცემები ასახული კომპენსაციის მიმღებთა სიაში https://www.rs.ge/kompensacia
► დახმარება ვრცელდება საქართველოს მოქალაქეებზე, მუდმივი ბინადრობის მოწმობის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ან მოქალაქეობის არმქონე ფიზიკურ პირებზე და ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის ქვეშ მყოფი დროებითი ბინადრობის მოწმობის მქონე ფიზიკურ პირებზე.