ერთ დღეში შეცვლილი კანდიდატები – ბრძოლა გავლენებისთვის

1431

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ის, რაც საჯაროდ მხოლოდ კანდიდატთა შეცვლით ჩანს, რეალურად შიდა დაპირისპირების, ბრძოლისა და ლობირების შედეგია და თითოეული კანდიდატის ბიოგრაფიით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომელი ფრთა თუ უწყება იმარჯვებს ამა თუ იმ კონკრეტულ შემთხვევაში.

აბაშა და მარნეული ის მუნიციპალიტეტებია, სადაც “ქართულმა ოცნებამ” მერობის კანდიდატები წარდგენის შემდეგ ოფიციალურად შეცვალა. რამდენიმე დღის წინ აბაშის მერობის კანდიდატი გელა ხოშტარია ლევან მაკალათიათი ჩანაცვლდა, ხოლო მარნეულში – ამირან გიორგაძე თემურ აბაზოვით. ამ გადაწყვეტილებებმა პარტიის ადგილობრივ ორგანიზაციების პროტესტი გამოიწვია, თუმცა, “ქართული ოცნების” ლიდერები გადაწყვეტილებას არ ცვლიან.

გელა ხოშტარია დღემდე აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეა. ის საკრებულოში “ქართული ოცნების” სახელით შევიდა. ხოშტარიას საარჩევნო კამპანია უკვე დაწყებული ჰქონდა, როდესაც პარტიამ მოულოდნელად მისი შეცვლის გადაწყვეტილება მიიღო.

ლევან მაკალათია, რომელმაც ხოშტარია ჩაანაცვლა, 2015 წლიდან დღემდე შპს „პროგრესული მშენებლების“ დამფუძნე­ბელი და დირექტორია. როგორც facebook-ის ოფიციალური გვერდიდან ვიგებთ, მაკალათიას აბაშაში ოჯახის კუთვნილი საცხოვრებელი სახლი და საოჯახო მეურ­ეობა საჩუქრად გადაუცია ჭყონდიდის ეპარქიისთვის, სადაც ახლა წმინდა ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტერი ფუნქციონირებს.

რაც შეეხება მარნეულის ყოფილ და მოქმედ კანდიდატებს. ყოფილი კანდიდატი ამირან გიორგაძეც მოქმედი საკრებულოს წევრი და ფრაქცია ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარეა. 2014 წლის 7 მარტიდან ის, ასევე, ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“-ს  მარნეულის ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარეა.

რაც შეეხება აბაზოვს, რომლითაც გიორგაძე ჩანაცვლდა, ის შსს-ს თანამშრომელია. facebook-ის მის გვერდზე შს მინისტრთან და “ქართული ოცნების” ლიდერებთან გადაღებულ არაერთ ფოტოს ნახავთ. როგორც ირკვევა, აბაზოვს მარნეულის გამგებლობა 2012 წლის შემდეგ მუდმივად უნდოდა, თუმცა, ვერც 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე შეძლო ამ პოსტის დაკავება და არც 2014 წელს წარადგინა ის პარტიამ კანდიდატად.

მარნეულში კანდიდატის შეცვლას “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისთან პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის წევრთა საპროტესტო აქცია მოჰყვა, თუმცა, 3 საათიანი მოლაპარაკების შემდეგაც “ქართული ოცნების” გადაწყვეტილება უცვლელი დარჩა. თუმცა, იმისათვის, რომ პარტიის შიგნით მღელვარება დაეცხროთ, მმართველმა გუნდმა გადაწყვიტა, მერობის ყოფილი კანდიდატი ამირან გიორგაძე საკრებულოს სიის პირველ ნომერად წარადგინოს. ერთი შეხედვით, სიის პირველნომრობა ავტომატურად საკრებულოს თავმჯდომარეობას ნიშნავს, თუმცა, 2014 წელს არაერთი მაგალითი იყო, როცა პარტიამ სიის პირველი ნომრები შემდგომში საკრებულოს თავმჯდომარეებად აღარ წარადგინა. რა იქნება გიორგაძის შემთხვევაში, ამას თვითმმართველობის არჩევნების შემდგომი პერიოდი გვაჩვენებს.

როგორც ირკვევა, მმართველ პარტიას გადაწყვეტილება მხოლოდ ამ ორ მუნიციპალიტეტში არ შეუცვლია. droa.ge-ს ინფორმაციით, მანამ, სანამ კანდიდატების ოფიციალური წარგენები დაიწყებოდა, შეიცვალა თელავის მერობის კანდიდატიც – აქაც ქალაქ თელავის მოქმედი მერი პლატონ კალმახელიძე, რომელსაც კამპანია, ფაქტობრივად, დაწყებული ჰქონდა და როგორც ამბობენ, საარჩევნო ბანერებიც კი იყო უკვე გამზადებული, შოთა ნარეკლიშვილით ჩანაცვლდა. ნარეკლიშვილი 2014  წლიდან ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრია. მანამდე ის “საქართველოს ფოსტის” კახეთის რეგიონული ფილიალის კოორდინატორი, უფრო ადრე კი “ლიბერთი ბანკის” კახეთის რეგიონული ფილიალის წარმომადგენელი იყო.

პლატონ კალმახელიძემ droa.ge-ს დაუდასტურა, რომ მისი კანდიდატურა განიხილებოდა, თუმცა, ბოლო მომენტში ის ჩაანაცვლეს. “მე გამოვთქვი მზაობა, რომ კენჭი მეყარა მერობის კანდიდატად. რამდენადაც ვიცი, ამის შემდეგ, ჩემი კანდიდატურა განიხილებოდა პარტიის მიერ, თუმცა, არჩევანი შეჩერდა ამჟამინდელ კანდიდატზე და ვფიქრობ, ეს ჩვეულებრივი ამბავია. რაც შეეხება ბანერის ამბავს, ვერაფერს გეტყვით”, – გვითხრა კალმახელიძემ.

წყაროს ინფორმაციით, ბოლო მომენტში შეიცვალა ბორჯომის მერობის კანდიდატიც. ჯერ კიდევ ერთი თვის წინ კანდიდატად სხვა პირები სახელდებოდნენ. მოქმედ გამგებელს, დიმიტრი ყიფიანს, როგორც ირკვევა, სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე ლობირებდა. თუმცა, ყიფიანზე მატად, ბორჯომელები მერობის კანდიდატად, არსებული ინფორმაციით, საკრებულოს მოქმედ წევრს, გიორგი ფერაძეს ელოდებოდნენ. ამიტომაც ყველასთვის მოულოდნელი იყო, როცა პარტიამ არჩევანი ლევან ლიპატრიაზე გააკეთა. ლიპარტიას ამ დრომდე პარტიასთან შეხება არ ჰქონია. ის საფინანსო კომპანია “კრედოში” მუშაობდა.

ვინ და რატომ იღებს მმართველ პარტიაში ცვლილებების შესახებ გადაწყვეტილებებს, ან ზოგადად, როგორ ხდება გადაწყვეტილებების მიღება, ცხადია, არ საჯაროვდება. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ის, რაც საჯაროდ მხოლოდ კანდიდატთა შეცვლით ჩანს, რეალურად შიდა დაპირისპირების, ბრძოლისა და ლობირების შედეგია და თითოეული კანდიდატის ბიოგრაფიით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომელი ფრთა თუ უწყება იმარჯვებს ამა თუ იმ კონკრეტულ შემთხვევაში.

ექსპერტი ლევან ალაფიშვილი ორ უმთავრეს პრობლემაზე მიუთითებს – შიდაპარტიული დემოკრატიის არარსებობაზე და სხვადასხვა უწყების, განსაკუთრებით კი, ძალოვანი სტრუქტურების გავლენაზე პარტიის შიგნით.

“პირველი და უმთავრესი, ეს არის პარტიული სისტემის პრობლემა. ჩვენ პარტიები გვპირდებიან დემოკრატიას სახელმწიფოში, ამ დროს შიგნით არ აქვთ დემოკრატია. როგორ მიიღება გადაწყვეტილებები? რა როლი აქვთ პარტიის წევრებს გადაწყვეტილების მიღებაში? აქვთ თუ არა მათ წინასწარ ინფორმაცია? არა. მათ, ფაქტობრივად, არავინ არაფერს ეკითხება. ეს ყველა პარტიას ეხება, განსაკუთრებით კი, მმართველ პოლიტიკურ ძალას. გარდა ამისა, 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდგომ, უკვე დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ, გარდა შიდაპარტიული დემოკრატიის პრობლემისა, “ქართულ ოცნებაში” აქტუალურია პოლიტიკური პარტიისა და ძალოვანი უწყებების შერწყმის პრობლემა, რაც საფრთხეა საზოგადოებისათვის. მხედველობაში მაქვს ის გარემოება, რომ ჯერ კიდევ 2015-2016 წლებში კოალიცია “ქართული ოცნების” წევრი პარტიები – “რესპუბლიკური პარტია”, “თავისუფალი დემოკრატები”, “ეროვნული ფორუმი” ღიად საუბრობდნენ, რომ სპეცსამსახურები ერეოდნენ იმ გადაწყვეტილებებში, რაც მათი საქმე არ იყო. ბოლოს კი, გასული წლის გაზაფხულზე, პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ანუ ქვეყნის მეორე პირმა და კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ღიად თქვა, რომ 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე სიებს და კანდიდატებს სუს-ი არჩევდა. ეს არის ის ორი უმთავრესი პრობლემა, რომელსაც, თუ არ მოევლო, საკმაოდ სახიფათო შედეგები შეიძლება მივიღოთ არა მხოლოდ თვითმმართველობასთან, არამედ, ზოგადად, ქვეყნის დემოკრატიასთან მიმართებით”, აცხადებს ლევან ალაფიშვილი.

“საარჩევნო კოდექსის” თანახმად, საარჩევნო სუბიექტს მერობის კანდიდატის წარდგენისთვის რამდენიმე დღე დარჩა, შესაბამისად, “ოცნების” გადაწყვეტილების მიმღებ პირებს კანდიდატების შეცვლისა და ამით შიდაპარტიული გავლენების გასაძლიერებლად წინ მთელი ორი დღე აქვთ. და მერე რა, თუ მთელი ეს ცვლილებები შიდაპარტიული დემოკრატიისა და ადგილობრივი ორგანიზაციების განაწყენებისა თუ იმედგაცრუების ხარჯზე ხდება. მთავარი ხომ გავლენაა, გავლენა, რომელიც ქართველ პოლიტიკოსებს ასე ძალუმად იზიდავთ.