ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ქვეყანაში დაწესებული რეგულაციების დაცვა აუცილებელია და მისი შეუსრულებლობა არცერთი პრივილეგირებული ადამიანისთვის არ არის „ხსნილი“. როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, შრომის ინსპექცია მსგავს ფაქტებს საკმაოდ მკაცრი ღონისძიებებით უმკლავდება.
„ეს ამბავი არც ერთი პრივილეგირებული ადამიანისთვის არ არის „ხსნილი“, შრომის ინსპექცია ასეთ მოვლენებს საკმაოდ მკაცრი ღონისძიებებით უმკლავდება. სამწუხაროდ, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მთავრობის მხრიდან იყოს მოლოდინი იმის, თუ როგორი იქნება ჩვენი მხრიდან აღსრულება და კონტროლი, ასევე მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა, რომელიც ქვეყნის თიოთოეულ მოქალაქეს უნდა გააჩნდეს“,-განაცხადა ტიკარაძემ.
მისი თქმით, ხელისუფლება ბიზნეს სექტორს ითვალისწინებს, მაგრამ ფიქრობს, რომ ჯანმრთელობის დაცვის საჭიროება პრიორიტეტია.
„ბიზნესის უკან ჩვენ ვხედავთ ათასობით დასაქმებულ ადამიანს, მაგრამ ასევე, ბიზნესის უკან დასაქმებულ ადამიანებში ვხედავთ მათი ჯანმრთელობის დაცვის საჭიროებას. პირველ რიგში, ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, რომ მოქალაქეებს დავეხმაროთ, მაგრამ როდესაც პრიორიტეტად ჯანმრთელობა და ეკონომიკა დგას, დამერწმუნეთ, არ შეიძლება ნოემბრის და დეკემბრის თვეების დავიწყება. ძალიან კარგად გვახსოვს, რამდენად მძიმე იყო ეპიდემიოლოგიური სიტუაცია. შესაბამისად, როგორ აისახა ეს ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე“,-განაცხადა ტიკარაძემ.