მდინარაძე: ჩვენ არ ვართ კორუფციისგან თავისუფალი ქვეყანა, მაგრამ ამ მიმართულებით ძალიან კარგი მონაცემები გვაქვს

342

მამუკა მდინარაძემ საერთაშორისო გამჭვირვალობის ახალი კვლევის შედეგები შეაფასა, რომლის მიხედვით, საქართველო რეგიონში კორუფციის აღქმის ინდექსით კვლავ ლიდერობის. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, ასეთი შედეგი შესაბამისი ორგანოების მუშაობის დამსახურებაა, თუმცა წინ ბევრი ლოკალური გამოწვეაა.

„კორუფციის აღქმის ინდექსთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს კარგი მაჩვენებელი, იქიდან გამომდინარე, რომ ამ მიმართულებით მიდის კარგი მუშაობა. ​​ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ კორუფციისგან თავისუფალი ქვეყანა ვართ. ჩვენ არ ვართ კორუფციისგან თავისუფალი ქვეყანა, მაგრამ ამ მიმართულებით ძალიან კარგი მონაცემები გვაქვს. ეს კარგი მუშაობის შედეგია, მათ შორის სამართალდამცავი ორგანოების, მათ შორის კარგი მენეჯმენტის, მაგრამ ამ მიმართულებით ძალიან ბევრი ლოკალური გამოწვევა წინ გვაქვს“, – განაცხადა მდინარაძემ.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, 2020 წლის კორუფციის აღქმის ინდექსით საქართველო რეგიონში კვლავ პირველია. ამის შესახებ საერთაშორისო გამჭვირვალობის 2020 წლის კვლევაშია ნათქვამი, რომელიც დღეს გამოქვეყნდა.