რუსთავში, თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ რეკრეაციულ სივრცეში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკვერის მშენებლობა მიმდინარეობს.
რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, პირველ მოადგილე ბესიკ ტოგონიძესთან და საკრებულოს დეპუტატებთან ერთად, სკვერში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო.
როგორც ირაკლი ტაბაღუამ ჟურნალისტებთან განაცხადა, სკვერის მოწყობის სამუშაოები გასული წლის დეკემბერში დაიწყო და 8 თვეში უნდა დასრულდეს.
„პროექტი საკმაოდ მასშტაბურია, რეკრეაციული სივრცე 25 ათას კვადრატულ მეტრს მოიცავს. არსებულ პროექტში გარკვეული ცვლილებები შევიდა, ფატქობრივად ყველანაირი პირობებია იმისთვის, რომ კომპანიამ დათქმულ დროს დაასრულოს სამუშაოები. ამჟამად მიმდინარე სამუშაოების ტემპით კმაყოფილი არ ვარ, იმედი მაქვს, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ დროს, კერძოდ ივლისში სკვერის მოწყობის სამუშაოები დასრულდება და ქალაქს კიდევ ერთი ლამაზი დასასვენებელი სივრცე შეემატება“, – განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.
ახალი სკვერის პროექტის მიხედვით, რეკრეაციულ სივრცეში ბეტონის ფილებით მოპირკეთებული ქვეითთა ბილიკები და შადრევანი მოეწყობა, ტერიტორიაზე განთავსდება დეკორატიული სკამები და გარე განათების სისტემა, გათვალისწინებულია სანიაღვრე და სარწყავი არხების რეაბილიტაციაც.
სახელშეკრულებო ღირებულება 1 673 572 ლარია და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ქალაქის მერიის თანადაფინანსებით ხორციელდება.