GWP-ს თანამშრომლები ხელფასების მომატებას ითხოვენ — კომპანია მათ ხელშეკრულების პირობების დარღვევაში ადანაშაულებს

407

კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის (GWP) ავტოსატრანსპორტო დეპარტამენტის კონტრაქტორი თანამშრომლები ხელფასების მომატების მოთხოვნით გაიფიცნენ.

“ამოგვივიდა ყელში და ყველა გავჩერდით. მთელი ტექნიკა გაჩერებულია და არ ვაპირებთ გაგრძელებას, იმიტომ, რომ მანამდე გვატყუეს, მოგიმატებთო [ხელფასებს], არ მოგვემატა. ნახევარს მოუმატეს, ნახევარს — არა. იგივე პოზიციაზე, იგივე ტრაქტორზე მუშაობენ და ნახევარს დაბალი ხელფასი აქვს, ნახევარს — მაღალი”, — პროტესტის ერთ-ერთი მონაწილე ფორმულასთან.

“შეგვატყობინეს, რომ ხვალიდან ყველანაირი ხელშეკრულება გვიწყდება. სამსახურიდან, ფაქტობრივად, გაშვებული ვართ ხვალიდან”, — ამბობს აქციის მონაწილე.

წყლის გამანაწილებელი კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ კონტრაქტორების ნაწილის გაფიცვას სპეციალური განცხადებით ეხმაურება და აქციის მონაწილეებს ხელშეკრულებით დადებული პირობების დარღვევაში ადანაშაულებს.

„კომპანიის კონტრაქტორების ერთმა ნაწილმა ორი დღეა უარი განაცხადა სამუშაოს შესრულებაზე. მათი ვალდებულებები განსაზღვრულია კონკრეტული ხელშეკრულებით, რომლის პირობებსაც არღვევენ თავიანთი ქმედებებით. ერთი მხრივ ისინი არ ასრულებენ მოვალეობებს, თანაც ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, მეორე მხრივ კი სხვებსაც ხელს უშლიან სამუშაოს შესრულებაში, რითაც აფერხებენ კომპანიის მიმდინარე საქმიანობას.

მიუხედავად ამისა, კომპანიის მენეჯმენტი მაქსიმალურ ძალისხმევას იყენებს შექმნილი ვითარების განსამუხტად და პრობლემური საკითხების ოპტიმალური გზით გადასაწყვეტად“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე, პროტესტი არ შეწყდება.