ბათუმის საქალაქო სასამართლომ ირაკლი ფანგანს, რომელმაც დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილს თავზე ნაგავი დააყარა, 2 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. გირაოსთან ერთად ფანგანს საზღვრის გადაკვეთა, დაზარალებულთან მიახლოება და კომუნიკაცია აეკრძალა და ასევე, გამომძიებელთან კვირაში ერთხელ გამოცხადება დაევალა.
23 იანვარს, ირაკლი ჩავლეიშვილს, რომელიც აჭარის უმაღლეს საბჭოში ოპოზიციის სიით შევიდა, მოქალაქეებმა ქუჩაში ნაგავი დააყარეს. ამის ამსახველი ვიდეო ორგანიზაცია
ალტერნატივამ გაავრცელა. როგორც ალტერნატივის მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, მოქალაქეები ჩავლეიშვილს ქუჩაში შეხვდნენ. ისინი “მონა, მოღალატეს” სკანდირებდნენ და ეუბნებოდნენ, რომ საბჭოში გაყალბებული მანდატით შევიდა.
სამართალდამცველებმა ფანგანი 24 იანვარს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით (პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით ძალადობით დევნა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.
25 იანვარს საქართველოს პროკურატურამ ფანგანი ბრალის წარდგენის შემდეგ გაათავისუფლა.
დეკემბერში ირაკლი ჩავლეიშვილმა “რესპუბლიკური პარტია” დატოვა და საბჭოში შესვლა გადაწყვიტა. პარტიის დატოვების მიზეზად მან ბოიკოტთან დაკავშირებით განსხვავებულ პოზიციებს ასახელებდა.