საქართველოს მთავრობამ „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“ 2021 წლის სახელმწიფო პროგრამა დაამტკიცა. ამის შესახებ ჩემი ხარაგაული წერს.
ამ დადგენილების მიხედვით, შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ მართვაში არსებული სამედიცინო დაწესებულების რეაბილიტაცია ამბროლაურში, ცაგერში, ონში, ქუთაისში, თიანეთში, დმანისში, წალკაში, დედოფლისწყაროში, თეთრიწყაროსა და ლენტეხში იგეგმება.
რეგიონული ჯანდაცვის ცენტრში შემავალი 18 კლინიკიდან ხუთთვიანი სახელფასო დავალიანება ხარაგაულის, ლანჩხუთის, დედოფლისწყაროს, ბორითის, თეთრიწყაროსა და ქუთაისის ო. ჩხობაძის სამედიცინო დაწესებულებებშია.
ლანჩხუთის კლინიკის დირექტორი თინათინ გოგუაძე ამბობს, რომ მათი კლინიკის ინფრასტრუქტურაც სარეაბილიტაციოა, თუმცა ახლა საუბარი კლინიკის შენარჩუნებაზეა.
„მოლოდნის რეჟიმში ვართ და არ ვიცით, საკითხი როგორ გადაწყდება, – ამბობს თინათინ გოგუაძე, – ჩვენ კლინიკის დახურვის მოწინააღმდეგეები ვართ. არც ის ვიცით, რა არის საავადმყოფოს დახურვის მიზეზი. ვიბრძვით და როგორ რა იქნება, ვერ გეტყვით“.
რა ბედი ელის ლანჩხუთის კლინიკას, ამის გასარკვევად რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის დირექტორს ნუგზარ ბოლქვაძეს დავუკავშირდით. მან სატელეფონო კომენტარზე უარი განაცხადა და გვითხრა, რომ შეკითხვები ელექტრონულ ფოსტაზე გავუგზავნოთ.