ხარაგაულის სოფელ ხუნევის საბავშვო ბაღი ავარიულია

388

ხუნევის საბავშვო ბაღის ეზო ადიდებულმა მდინარე ძირულამ დააზიანა და რამდენიმე ხე მოთხარა. ამის შესახებ ჩემი ხარაგაული წერს.

საბავშვო ბაღის გამგის, ნინო ჭუბაბრიას ინფორმაციით, 1986 წელს აშენებული ბაღის შენობა ავარიულია და სარემონტო სამუშაოების ჩატარება შეუძლებელია. ამჟამად ხუნევის საბავშვო ბაღში 21 აღსაზრდელია.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი კობა ლურსმანაშვილი ამბობს, რომ საბავშვო ბაღებში სწავლის პროცესის განახლების შემდეგ, თუ სტიქიის გამო ბაღის ფუნქციონირებას ხელი შეეშლება, აღსაზრდელებს დროებით ვერტყვიჭალის საბავშვო ბაღში გადაანაწილებენ და ტრანსპორტით მოემსახურებიან.

მერის თქმით, ბაღის განახლებისთვის პროექტი და თანხების მოძიებაა საჭირო. ინფრასტრუქტურული პროექტის დასაფინანსებლად მუნიციპალური ან რეგიონალური განვითარების ფონდებს უნდა მიმართონ. კონკრეტულ გადაწყვეტილებას მერია უახლოეს ხანში მიიღებს.