ქუთაისის ,,ახალგაზრდა ლეიბორისტები” საკრებულოს წევრებს სტუდენტებისთვის სამგზავრო შეღავათების დაწესების მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ. ამის შესახებ რადიო ძველი ქალაქი წერს.
მუნიციპალურ ტრანსპორტზე სტუდენტებისთვის ტარიფის განახევრების შესახებ ინიციატივა “ახალგაზრდა ლეიბორისტებმა” ერთი წლის წინ, მერიაში სტუდენტებთან ერთად დაარეგისტრირეს. აღნიშნულ საკითხს საკრებულო 27 იანვარს განიხილავს.
“სტუდენტებს დღის განმავლობაში უნივერსიტეტის კორპუსებს შორის უწევთ გადაადგილება, რაც მნიშვნელოვან ხარჯთანაა დაკავშირებული. ახალგაზრდებს სჭირდებათ ხელშეწყობა, რომ იყვნენ მეტად აქტიურები. ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტის შემოყვანა იძლევა საშუალებას, მივცეთ სტუდენტებს გარკვეული შეღავათი. მოვუწოდებთ საკრებულოს თითოეულ წევრს, მხარი დაუჭირონ ამ მნიშვნელოვან და საჭირო ინიციატივას, რაც ჩვენს ახალგაზრდებს საკმაო თანხას დაუზოგავს, ” – ამბობს ,,ახალგაზრდა ლეიბორისტების” ხელმძღვანელი, გაგი ახალაძე.
მისი თქმით, ხვალინდელი გადაწყვეტილების პროგნოზი რთულია, მაგრამ თუ საკრებულო მათ ინიციატივას მხარს არ დაუჭერს, ,,ახალგაზრდა ლეიბორისტები’’ აქტიურობას მანამ არ შეწყვეტენ, სანამ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.