დავას შეწირული „კომპოზიტორთა სახლი“ – ბორჯომში ისტორიული შენობა ინგრევა

1705

აღარც მუსიკის ხმა ისმის და არც ახალი ნაწარმოებები იქმნება, ბორჯომის „კომპოზიტორთა სახლი“, რომელიც საქართველოში ერთ–ერთი უნიკალური შენობაა, დაახლოებით 15 წელია დაკეტილია. შენობის დაბრუნების მოთხოვნით, დავა კომპოზიტორებსა და ეკონომიკის სამინისტროს შორის 2006 წელს დაიწყო და დღემდე გრძელდება. ამ პერიოდში შენობაც და მუსიკალური ინსტრუმენტებიც განადგურების პირას მივიდა. ამ თემაზე სტატიას სამხრეთის კარიბჭე წერს.

„კომპოზიტორთა სახლის“ დაბრუნებაზე „მუსიკალური ფონდის“ და კომპოზიტორთა კავშირის“ წარმომადგენლები იბრძვიან, ისინი ამბობენ, რომ ისტორიულ შენობაში ბოლო კონცერტი 2006 წელს ჩაატარეს, შემდეგ მაშინდელი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, შენობის კარი ჩაუკეტეს და შიგნით შესვლის უფლება აღარ მისცეს… იყო არაერთი სასამართლო პროცესი, შეხვედები ხელისუფლების წარმომადგენლებთან, მაგრამ უშედეგოდ. კომპოზიტორების მოთხოვნა არავინ დააკმაყოფილა, შენობა ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე გადავიდა და დღემდე მას დაცვის პოლიცია იცავს.

„ეს პრობლემა 2003 წლის შემდეგ შეგვექმნა, მიხეილ სააკაშვილის მოსვლის შემდეგ ასე გადაწყვიტეს. როგორც ვიცით ვანო მერაბიშვილის სურვილი იყო, აღარავინ გვისმენდა და უტიფრად აკეთებდნენ თავიანთ საქმეს. არაერთი დოკუმენტი გვქონდა, რითიც ვამტკიცებით, რომ შენობა ჩვენი იყო, მაგრამ ათას მიზეზს იგონებდნენ, რომ ჩამოერთვათ და ასეც გააკეთეს. ჩვენ გვქონდა საჯარო რეესტრის ამონაწერები. ჩვენ ვამტკიცებდით, რომ ეს შენობა ჩვენი აშენებული იყო და მთავრობასთან არაფერი აკავშირებდა“,–ამბობს „მუსიკალური ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელი, ბარამ ბარამიძე.

მისივე თქმით, მაშინ სასამართლომ ისეთი დოკუმენტები მოსთხოვა, რომელიც საჭიროებას არ წამოადგენდა, აღნიშნულმა ქმედებამ კიდევ ერთხელ დაარწმუნა ისინი, რომ შენობის წასართმევად ხელისუფლება მიზეზს ეძებდა: „რომ ვერაფერი მოიფიქრეს მოგვთხოვეს ფორმა–2, ანუ მშენებლობის დოკუმენტი, რამდენი ბლოკია, რამდენი ბეტონი და.ა.აშ ცდილობდნენ მაქსიმალურად შეეშალა ხელი“.

იგივეს ამბობს „კომპოზიტორთა კავშირის“ თავმჯდომარის მოადგილე კახა ცაბაძე, რომელიც დღემდე იბრძვის შენობის დაბრუნებისთვის.

„სასამართლო პროცესზე ხან რა საბუთი მოგვთხოვეს, ხან რა, მერე ისე მოხდა, რომ თურმე რაღაც საბუთები ვადამდე არ გვქონდა მიტანილი, რომელსაც ესენი ითხოვდნენ და გზას გვიბნევდნენ, საბოლოოდ შენობა ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე აღმოჩნდა“,– გვითხრა კახა ცაბაძემ.

კახა ცაბაძე გვიყვება, რომ „კომპოზიტორთა სახლში“ 100–ზე მეტი თანამშრომელი ჰყავდა დასაქმებული და აქ იწერებოდა უნიკალური კომპოზიციები.

„ტარდებოდა საერთაშორისო ფესტივალები, ეს კომპოზიტორების დასასვენებელი სახლი კი არ იყო, აქ დადიოდნენ იმისთვის რომ შეექმნათ ნაწარმოებები. მაგალითად გია ყანჩელი თვეობით ქირაობდა კოტეჯს და მუშაობდა. ყველაფერი ეს წაიღეს, წაგვართვეს, ეს არის სახელმწიფო პოლიტიკა“,– ამბობს ცაბაძე.

რას ამბობს ეკონომიკის სამინისტრო

ბორჯომში, პლატოზე მდებარე „კომპოზიტორების სახლი“ ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე 2006 წლიდან არის.

უწყებაში მხოლოდ ის გვითხრეს, რომ „კომპოზიტორთა კავშირმა“ პროცესი ყველა ინსტანციის სასამართლოში წააგო.

„კომპოზიტორთა კავშირმა შენობის რეგისტრაციასთან დაკავშირებულ საკითხზე დაწყებული დავა ბორჯომის რაიონულ სასამართლოში 2007 წელს წააგო(სარჩელი დარჩა განუხილველად).

2016 წელს ახალციხის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა კომპოზიტორთა კავშირმა და მოითხოვა იმ აქტების ბათილად ცნობა, რის საფუძველიც განხორციელდა საჯარო რეესტრში კომპოზიტორთა სახლის სახელმწიფოს სახელზე რეგისტრაცია. ამ შემთხვევაშიც პროცესი სახელმწიფოს სასარგებლოდ დასრულდა“, – ნათქვამია ეკონომიკის სამინისიტროს მიერ მიღებულ პასუხში.

რედაქცია ასევე დაინტერესდა, რას გეგმავს სამომავლოდ უწყება სადავო შენობასთან დაკავშირებით, მაგრამ ამ კითხვაზე არ გვიპასუხეს.

რას აპირებენ კომპოზიტორები

კომპოზიტორები დათმობას არ აპირებენ და ბრძოლის გაგრძელებას გეგმავენ.

„ჩვენ არ დავთმობთ, ეს სახლი საქართველოს და მუსფონდის თაოსნობით, მათი დაფინასებით აშენეულია, აქ სახელმწიფოს თეთრი არ დაუხარჯავს, უკანონოდ წაგვართვეს თვითონაც ვერ გამოიყენეს, ახლა განადგურებულია. რა არ გავაკეთეთ, ვიბრძოდით და ახლაც ვიბრძვით, გვინდა პრემიერს, გიორგი გახარიას ავუხსნათ რა სიტუაციაა“,– ამბობს კომპოზიტორი ვაჟა აზარაშვილი.

„ველოდებით როდის დადგება ის დრო, როცა საქართველოში კულტურას და კომპოზიტორებს სახელმწიფო მიხედავს, მანამდე არფერი შეიცვლება. სასამართლოც ამათია, განსხვავება არც აქ არის, თუ ერთმა ხელისუფლებამ წამართვა, მეორე რატომ არ მიბრუნებს?! როცა მუსიკაზე დაიწყებენ ფიქრს მაშინ გვეშველება, მანამდე კი არ გავაყიდინებთ,არ დავთმობთ“,– აცადებს კახა ცაბაძე.

„მუსიკალური ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელი, ბარამ ბარამიძე აცხადებს რომ დასახმარებლად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე „ქართული ოცნების“ მაჟორიტარ დეპუტატს, ანტონ ობოლაშვილსაც მიმართეს.

„მივწერეთ – იმედს ვიტოვებთ ბატონო ანტონ, რომ თქვენი არჩევის შემდე იზრუნებთ პლატოზე კომპოზიტორთა სახლის ბედზე, აღნიშნულ საკითხზე ჩვენს მიერ ინფორმირებულია საქართველოს მთავრობა და პრემიერ–მინისტრი – პასუხი ჯერ კიდევ არ მიგვიღია. სხვა გზა არ გვაქვს, უნდა ვიბრძოლოთ… ბიძინა ივანიშვილს მივწერეთ, როცა პრემიერი იყო, წერილი გავაგზავნეთ გიორგი კვირიკაშვილთანაც არც იქიდან იყო პასუხი. ახლა ბოლო შანსი გვაქვს პრემიერს, გიორგი გახარიას უნდა შევხვდეთ“,– აცხადებს ბარამიძე.

ახალციხე–ადიგენი–ასპინძა–ბორჯომის მაჟორიტარი დეპუტატი, ანტონ ობოლაშვილი აცხადებს, რომ მას კომპოზიტორებიდან წერილი არ მიუღია: “არ ვარ ინფორმირებული, ბორჯომში ჩემი ბიურო არ ფუნქციონირებს, ხვალ მოვიკითხავ მერიის თანამშრომლებთანაც იქნებ იქ მივიდა ეს წერილი”.

რა აკავშირებს აღნიშნულ დავასთან  ყოფილ შს მინისტრს ვანო მერაბიშვილს, ამის გასარკვევად “სამხრეთის კარიბჭე” მერაბიშვილის წარმომადგენელს, ივერი ბალახაშვილს ესაუბრა, თუმცა მან განაცხადა, რომ “ვანო მერაბიშვილს ვერ დაუკავშირდა”.

კომპოზიტორები აცხადებენ, რომ შენობის დაბრუნების შემდეგ, მის აღსადგენად დონორს მოძებნიან: „ჩვენ ადრეც ვნახეთ ინვესტორი და ახლაც მოვძებნით არ არის ამის პრობლემა“, – აცხადებენ ისინი.