გურჯაანის სოფელ კარდენახის სკოლის რეაბილიტაცია ზაფხულში დასრულდება

260

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახის საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. საგანამანათლებლო რესურსცენტრის ხელმღვანელის დალი მინდიაშვილის განმარტებით,სკოლის რეაბილიტაცია ივნისში დასრულდება. ამის შესახებ სპექტრი წერს.

„მთლიანად მოხდება სკოლის რეაბილიტაცია, პლიუს სასკოლო სასწავლო ინვენტარით აღჭურვა. ამ დროისთვის დასრულდა ჭერის გადახურვა, გამოიცვალა კარ-ფანჯრები, პროექტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია სასწავლო კაბინეტების თანამედროვე სტანდარტების დონეზე მოწყობა და აღჭურვა, დაიგება იატაკი, დამონტაჟდება ცენტრალური გათბობა და მოწესრიგდება სველი წერტილები. რა ტემპითაც მიმდინარეობს ამჟამად სამუშაოები, ვფიქრობთ ახალი სასწავლო წლიდან კარდენახელი ბავშვები ისწავლიან თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ შენობაში. რაც ნამდვილად გაზრდის მოსწავლეების მოტივაციას და ხარისხიანი განათლების მიწოდებას საფუძველს შექმნის“, – ამბობს მინდიაშვილი.

სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 3 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი.