რა გადაწყდება მარნეულში ეპარქიასა და ადგილობრივებს შორის დაწყებულ მიწის დავაზე – ხელისუფლება ერთკვირიან ვადას ასახელებს

705

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე ქესალოში რამდენიმე დღეა,  რაც ადგილობრივებსა და ეპარქიას შორის სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე დავა მიმდინარეობს. მოსახლეობა მას შემდეგ შეიკრიბა მიწის ნაკვეთებთან, რაც სასულიერო პირებმა დღეს, 24 იანვარს, მიწის დასამუშავებლად ტექნიკა შემოიყვანეს. ამ ეტაზე, სამუშაოები შეჩერებულია. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს.

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი (ჯამდელიანი) აცხადებს, რომ საკითხმა აუცილებლად უნდა გადაინაცვლოს მოლაპარაკების მაგიდასთან.

“სახელმწიფო მოწოდების სიმაღლეზე უნდა იდგეს. გამოდის, რომ აქ მონასტრის ბერებმა სად უნდა გაიარონ, მოსახლეობას უნდა დაეკითხონ თუ როგორაა ჩვენი საქმე. ესენი (მოსახლეობა) ითავსებენ ისეთ ფუნქციებს, რაც  უკვე მათ უფლებებს სცდება. მოდი, დღეს მშვიდობიანად დავიშალოთ, თქვენ თქვენს სახლში წადით მშვიდად, ჩვენ ჩვენ სახლში წავალთ და დაველოდოთ ეს საკითხი როგორ გადაწყდება. ისე კი არა როგორც თქვენ გინდათ, ან მე მინდა, როგორც არის სამართლიანი ისე უნდა გადაწყდეს“, – ამბობს ეპოსკოპოსი გიორგი.

ადგილზე მისული იყო მარნეულის მერის მოვალეობის შემსრულებელი ლაშა ლობჯანიძე, რომელმაც შეკრებილებს ერთკვირიანი ვადა შეახსენა და უთხრა, რომ სიტუაციაში გარკვევა, შესაბამისმა  უწყებებმა უკვე დაიწყეს.

„როგორც მოგეხსენებათ, აქ ადგილობრივ მოსახლეობასა და ეპარქიას შორის არის მიწებთან დაკავშირებული საკითხი მოსაგვარებელი, რასთან დაკავშირებითაც, ყველა შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურა არის ჩართული. კონკრეტულად მერია, ასევე ეკონომიკის სამინისტრო. ჩვენი პასუხი მათდამი არის ის, რომ სანამ გადაწყვეტილება მიიღება, ქონების მესაკუთრის მხრიდან, საუბარია ერთკვირიან ვადაზე, მანამდე ვთხოვეთ მხარეებს თავი შეიკავონ ადგილზე მოსვლისგან, სამუშაოების ჩატარებისგან და  დაველოდოთ გადაწყვეტილებას“

პლატფორმა სალამის ერთ-ერთი ლიდერი ქამრან მამედლი მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ კარგად უნდა გაიაზროს გლეხების მოთხოვნებიც და გონივრული გადაწყვეტილება მიიღოს.

„ძირითადი საკითხი აქ არის ის, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში ეს დაპირისპირება თუ დაძაბულობა გრძელდება მოსახლეობასა და ეპარქიას შორის. რეალური სიტუაცია ასეთია, რომ მოსახლეობას უნდა მიწა, იმ პირობებში, როდესაც საქარველოში არ არის არსებითი მიწის რეფორმა, რაც გლეხს  დააკმაყოფილებდა მიწით.  ჩვენ ვხედავთ,  რომ ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონში,  ქვემო ქართლში,  კონკრეტულ პირებს თუ ჯგუფებს აქვთ ეს მიწები არაოფიციალურად თუ ოფიციალურად სარგებლობაში.  “სალამისთვის” მნიშვნელოვანია, მიწის რეფორმამდე,  ხელისუფლება (მერია, ეკონომიკის სამინისტრო) გონივრულად მოიქცეს და ამოვიდეს იმ უმთავრესი პრინციპიდან, რომ სოფელში გლეხს სჭირდება მიწა.  მით უმეტეს პანდემიის დროს,  როდესაც ქვეყანაში არის ეკონომიკური კრიზისი”

ადგილობრივი მოსახლეობა და ეპარქია ახლა სახელმწიფოს გადაწყვეტილების მოლოდინშია. სწორედ მათი პასუხის შემდეგ გაირკვევა მეორე ქესალოში ჰექტრობით მიწების საკითხი, თუ ვის სარგებლობაში გადავა.