ფოთში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, 100 აღსაზრდელზე გათვლილი ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს, – ამის შესახებ ინფორმაციას ფოთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად შენდება. გარდა შიდა ინფრასტრუქტურისა, კეთილმოეწყობა ეზოც. შენობა ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის.
„სამშენებლო სამუშაოების ღირებულება 815 000 ლარს შეადგენს. პროექტს ლტოლვილთა დანიის საბჭო (DRC), საქართველო-გერმანიის ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში ახორციელებს.
ფოთში 2018-2020 წლებში ბუნებრივი აირის გათბობის სისტემით აღიჭურვა 15-ივე სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულება. აშენდა 1 და მიმდინარე სარემონტო სამუშაოები ჩატარდა ყველა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ დაგეგმილია კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.