ქუთაისში ერთდროულად 3 ახალი სკვერის მოწყობა მიმდინარეობს, – ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ქუთაისის მერმა მოადგილე იუზა უგულავასთან ერთად ვაჟა ფშაველას #58-თან სკვერის მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა, რომელიც დასკვნით ეტაპზეა. როგორც ქუთაისის მერიაში აცხადებენ, ადგილზე ეწყობა მწვანე გაზონები და საფეხმავლო ბილიკები, ფანჩატური, ძელსკამები და ლამპიონები შემოიღობება დეკორატიული მოაჯირით.
ქუთაისის მერის, იოსებ ხახალეიშვილის ინფორმაციით, 3 სკვერის მოწყობის სამუშაოები ქალაქის ბიუჯეტიდან 300 000 ლარზე მეტით ფინანსდება.
“ქუთაისში ამ ეტაპზე 3 სკვერის კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც მალე დასრულდება და კიდევ რამდენიმე ადგილი გაჩნდება ქალაქში სადაც მოსახლეობა დასვენებას და ბავშვების უსაფრთხო გარემოში გასეირნებას შეძლებს. ასევე დიდი ყურადღება ექცევა გამწვანებას და ვცდილობთ რაც შეიძლება მეტი მწვანე ადგილი და სარეკრეაციო ზონა შევქმნათ ჩვენს ქალაქში. სამი სკვერის მოწყობის სამუშაოები ქალაქის ბიუჯეტიდან 300 000 ლარზე მეტით ფინანსდება და მომავლშიც გაგრძელდება ასეთი პროექტების დაფინანსება რათა ყველა უბანში მოეწყოს მსგავსი სივრცეები,”-განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, სკვერის მოწყობის სამუშაოები ასევე მიმდინარეობს ნიკეას ქუჩაზე #61 ბინის მიმდებარედ.
“განახლდება მწვანე საფარი და ნარგავები, მოეწყობა გაზონები და საბავშვო ატრაქციონები, დაიდგმება ხის ძელსკამები და ფანჩატური, აღდგება არსებული მემორიალი და დეკორატიული ქვისგან დამზადებული სასმელი წყლის შადრევანი. გათვალისწინებულია საპარკინგე ადგილის მოწყობაც. ახალი სკვერი ეწყობა აღმაშენებლის გამზირის#125-თან სკვერი მოპირკეთდება ბეტონის ფერადი ფილებით, დაიდგმება საბავშვო ატრაქციონები და ძელსკამები, მოეწყობა განათების და სარწყავი სისტემები, გაშენდება დეკორატიული ხე-მცენარეები. შემოიღობება ლითონის მოაჯირით , შესასვლელი კი ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის”, -აცხადებენ მერიაში.