სამოქალაქო აქტივისტების ნაწილი, რომლებიც ქვეყანაში არსებულ შეზღუდვებს აპროტესტებდნენ, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მთელი ღამის განმავლობაში დარჩნენ

380

სამოქალაქო აქტივისტების ნაწილი, რომლებიც ქვეყანაში არსებულ შეზღუდვებს აპროტესტებდნენ, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მთელი ღამის განმავლობაში დარჩნენ.

დაუმორჩილებლობის მსვლელობა, რომელიც გუშინ საღამოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყო, კვლავ პარლამენტთან, საქართველოს ეროვნული ჰიმნის შესრულებით დასრულდა.

სამოქალაქო აქტივისტები საკანონმდებლო ორგანოსთან განთავსებულ კარვებთან დაბრუნდნენ, სადაც აქტივისტების ნაწილი მთელი ღამის განმავლობაში დარჩა.

„ესაა ნათელი მაგალითი იმის, რომ ადამიანები, რომლებიც არ ეგუებიან მონობას და იმას, რომ სახელმწიფო მიტაცებულია, ასე თავგანწირვით არღვევენ მონურ წესებს, რომელიც არის არაკონსტიტუციური და ემსახურება იმას, რომ „ქართულმა ოცნებამ” გაიხანგრძლივოს ხელისუფლებაში ყოფნა. ნებისმიერ აქტივისტს, მოქალაქეს, რომელსაც პრობლემა შეექმნება ამ შერჩევითი სისტემისგან, ყველგან დავუდგებით,” – განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა გიორგი მუმლაძემ.

შეგახსენებთ, აქტივისტებმა საღამოს 21:00 საათზე დაუმორჩილებლობის აქცია პარლამენტთან დაიწყეს, საიდანაც “ქართული ოცნების” ოფისისკენ, შემდეგ კი შს სამინისტროს შენობამდე გამართეს მსვლელობა, მოგვიანებით კი, კვლავ პარლამენტთან განთავსებულ კარვებში დაბრუნდნენ. მათ არჩევნების გაყალბება, დაწესებული შეზღუდვები და ირაკლი ფანგანის პატიმრობა გააპროტესტეს, რომელიც ბათუმში დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილისთვის ნაგვის დაყრის ფაქტზეა დაკავებული დევნისა და ხულიგნობის მუხლით.