რუსთავში, მოსახლეობის მიერ დაკავებული ფართების დაკანონების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, მოქალაქეებს, რომელთაც წლების განმავლობაში, სხვადასხვა შენობა-ნაგებობებში ფართები საკუთრების მოწმობების გარეშე აქვთ დაკავებული, კანონით გათვალისწინებული პროცედურების დასრულების შემდეგ, საკუთრებაში გადაეცემათ.
დაკავებული ფართების საკუთრებაში გადაცემას ელოდება, რუსთავის ყოფილი მე-13 ბაღის შენობაში მცხოვრები 11 ოჯახიც, რომელთაც დღეს საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო ლაცაბიძე შეხვდა. მოსახლეობასთან შეხვედრას, რუსთავის მერიის ქონების მართვისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსი ნინო სოსელია და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებიც დაესწრნენ.
“ჩვენ ვაგრძელებთ მოსახლეობასთან შეხვედრებს იმ საკითხებზე, რაც მათ განსაკუთრებით აწუხებთ და საცხოვრებელი ფართების დაკანონება, სწორედ ასეთია. დღეს ვიმყოფებით ყოფილი #13 ბაგა-ბაღის შენობაში, სადაც 11 ოჯახი ცხოვრობს, აღნიშნული შენობა არის მუნიციპალურ ბალანსზე. ჩვენ ეკონომიკის სამინისტროსთან გვაქვს აქტიური მოლაპარაკებები იმაზე, რომ ის ქონება, რომელიც მათ ბალანსზეა, იქაც დაიწყოს მოსახლეობის მიერ დაკავებული ფართების დაკანონების პროცესი. ასევე აქტიურად გვაქვს შეხვედრები რუსთავის მერიასთან და საკრებულოსთან, იმისთვის, რომ მუნიციპალურ ბალანსზე არსებული ფართების დაკანონების პროცესი, რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს. მე იმედი მაქვს, რომ ამ ადამიანებს აღნიშნული ქონება უახლოეს მომავალში გადაეცემა საკუთრებაში“, – განაცხადა მაჟორიტარმა დეპუტატმა ნინო ლაცაბიძემ.
ყოფილი მე-13 ბაგა-ბაღის შენობის მიმდებარე ინფრასტრუქტურა, ქალაქის მერიამ უკვე მოაწესრიგა, დასრულებულია შენობის გადახურვის სამუშაოც.
რუსთავის მერიის ქონების მართვისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსის ნინო სოსელიას განცხადებით, ქალაქში მცხოვრებ 102 ოჯახს დაკავებული ფართი უკვე გადაეცა საკუთრებაში, მაჟორიტარი დეპუტატის აქტიური ჩართულობით, ეს პროცესი დაწყებულია და აქტიურად მიმდინარეობს.
“საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები, ანალოგიური პრობლემის მქონე 102 ბენეფიციარზე უკვე გაცემულია, დაწყებულია პროცესი 85 ოჯახის განაცხადის დასაკმაყოფილებლად. დოკუმენტაციის მოკვლევისა და შესწავლის ეტაპზეა 850-მდე განაცხადი“, – განაცხადა ნინო სოსელიამ.