„ქართული ოცნების“ მიერ გაგზავნილ ორ კანონპროექტზე ვენეციის კომისიისა და ეუთო/ ოდირის დასკვნები მარტის ბოლოს გახდება ცნობილი. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ევროპის საბჭოს პრესსამსახურში განუცხადეს.
მათი განმარტებით, ორივე კანონპროექტზე ვენეციის კომისიისა და დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ოდირი) დასკვნების პროექტს კენჭს 18-21 მარტს უყრიან.
„2020 წლის 24 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის თავმჯომარემ ვენევიის კომისიას ორ კანონპროექტზე დასკვნის შემუშავების თხოვნით მიმართა.
ვენეციის კომისია და დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (ოდირი) ერთობლივ მოსაზრებას შემდეგ საკანონმდებლო ტექსტებზე შეიმუშავებენ:
- საარჩევნო კოდექსში, ორგანულ კანონში ”მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ” და პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების პროექტი;
- საარჩევნო კოდექსის 791-ე მუხლის პროექტი (პარტიული რეგისტრაციის გაუქმება).
აღნიშნულ საკანონმდებლო ტექსტებზე შემუშავებული დასკვნების პროექტს ვენეციის კომისია კენჭს 18-21 მარტს უყრის“, – ნათქვამია ევროპის საბჭოს პრესსამსახურის მიერ „ინტერპრესნიუსისთვის“ გამოგზავნილ წერილში.
ცნობისთვის, 17 დეკემბერს, ოპოზიციისა და მმართველი გუნდის მოლაპარაკებების პარალელურად, „ქართულმა ოცნებამ“ ორი კანონპროექტი დააანონსა. პირველი საკანონმდებლო ინიციატივა იმ პოლიტიკური პარტიების სახელმწიფო დაფინანსების შეჩერებას/გაუქმებას ითვალისწინებს, რომელებიც საპარლამენტო მანდატებს სრულად არ აითვისებენ. რაც შეეხება მეორე საკანონმდებლო პაკეტს, ინიციატივა იმ პოლიტიკური პარტიის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებას ითვალისწინებს, რომლის წინასაარჩევნო აგიტაციაში ისეთი პოლიტიკური ლიდერი მონაწილეობს, რომელიც კონსტიტუციის მიხედვით, აქტიური საარჩევნო უფლებების აუცილებელ პირობებს ვერ აკმაყოფილებს.
შეგახსნებეთ, რომ 23 დეკემბერს, საკანონმდებლო პაკეტების პირველი მოსმენით მიღების შემდეგ, ირაკლი კობახიძე საკანონმდებლო ტექსტებზე მოსაზრების მოსმენის მიზნით მათი ვენეციის კომისიასა და ოდირში გადაგზავნის ინიციატივით გამოვიდა.