მარტვილის სამ სოფელში საბავშვო ბაღები შენდება

369

მარტვილის მუნიციპალიტეტის ონოღიის, დიდი ჭყონის და ხუნწის ადმინისტრაციულ ერთეულებში საბავშვო ბაღების მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს.

დიდი ჭყონის ადმინისტრაციულ ერთეულში სამშენებლო სამუშაოებს მარტვილის, აბაშის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მაჟორიტარი დეპუტატი ალექსანდრე მოწერელია და მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე აკაკი ხუნწელია გაეცნენ.

პროექტის ფარგლებში სრულიად ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სამი საბავშვო ბაღი შენდება. თითოეული მათგანი 50 აღსაზრდელზეა გათვლილი.

საბავშვო ბაღების მშენებლობის ღირებულება 2 212 500 ლარს შეადგენს. პროექტი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება. სამშენებლო სამუშაოებს ამხანაგობა „თ.ბ. კაპიტალი, LIVE DESIGN“ ახორციელებს.

გარდა ამისა სოფელ ლეციცხვაიეში, ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, 30 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება 340 146 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს შპს „ალფა-8“ ასრულებს.

2014 წლიდან დღემდე აშენდა ბალდის, ინჩხურის, სერგიეთის, პირველი ნამიკოლაოს, აბედათის საბავშვო ბაღები. რეაბილიტაცია ჩაუტარდა 17 საბავშვო ბაღს.