პრეზიდენტის მხარდაჭერით, დღეს ორბელიანების სასახლის ეზოში ქუჩის მუსიკოსების კონცერტი გაიმართება

495

ორბელიანების სასახლის ეზოში დღეს, საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, ახალგაზრდა ხელოვანების მხარდაჭერისა და პოპულარიზაციის მიზნით ქუჩის მუსიკოსების კონცერტი გაიმართება.

საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის, ირინე შენგელიას განცხადებით, ახალგაზრდა ხელოვანების პოპულარიზაცია და მხარდაჭერა პრეზიდენტის სტრატეგიის ნაწილია, მით უფრო, პანდემიის პერიოდში, როცა მათ მუშაობის შესაძლებლობა არ ეძლევათ.

„ასევე, დღევანდელი ღონისძიება ხაზს უსვამს „ორბელიანების სასახლის“ ღიაობას. მრავალი წლის განმავლობაში, ეს შენობა იმ ეპოქის საზოგადოების, მათ შორის კულტურის სფეროს გამორჩეული ნაწილის თავშეყრის ადგილი იყო, იმართებოდა კონცერტები და სალონური შეხვედრები. მსგავსი ღონისძიებებით „ორბელიანების სასახლე” იბრუნებს ტრადიციას“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში ირინე შენგელიამ.

კონცერტი 19 იანვარს, 18:00 საათზე დაიწყება და მასში მონაწილეობას მიიღებენ ქუჩის მუსიკოსები, დავით ევგენიძე და ბენდი.