ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა 2020 წლის ანგარიში წარადგინა

361

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, სამხარეო-საკონსულტაციო საბჭოს ფორმატში 2020 წლის ანგარიში წარადგინა – შოთა რეხვიაშვილმა, დეტალურად ისაუბრა პანდემიის პირობებში, რეგიონში განხორციელებულ ყველა მასშტაბურ პროექტსა და მნიშვნელოვან ღონისძიებაზე. ამის შესახებ ტვ4 წერს.

რეგიონში პანდემიის მიუხედავად,  რეკომენდაციების სრული დაცვით, აქტიურად მიმდინარეობდა, ყველა დაგეგმილი ინფრასტრუქტრული პროექტები, სეზონური სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები და საქმიანობა არ შეუჩერებია სტრატეგიული მნიშვნელობის არცერთ ობიექტს – შედეგად, 2020 წელს, ქვემო ქართლში, სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტების ერთობლივი დაფინანსებით, სულ 87 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების, 528 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შესრულდა და ნაწილობრივ ამჟამადაც მიმდინარეობს 6.48 მილიონი ლარის 400-მდე პროექტი.

გასული წლების მსგავსად, პრიორიტეტული მიმართულება იყო საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, წყალმომარაგება-წყალარინების სისტემების მოწყობა-რეაბილიტაცია, გზების მშენებლობა, მოსახლეობის ბუნებრივი აირით უზრუნველყოფა, საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება და დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა. ასევე, ახალი სპორტული, კულტურული და რეკრეაციული სივრცეების მშენებლობა-რეაბილიტაცია.

კოვიდ-პანდემიის პერიოდში, 2020 წელს, ქვემო ქართლის რეგიონში, ინფრასტრუქტურული პროექტების პარალელურად, სახელმწიფო, კერძო სექტორის, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ერთობლივი ძალისხმევით, არაერთი მასშტაბური სოციალური აქტივობაც განხორციელდა – მოწყვლადი კატეგორიის ოჯახებმა, საჭიროებების მიხედვით, საკვები პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებების პაკეტები, რამდენიმე ეტაპად, მიიღეს.

პროდუქტები გადაეცათ სააღმზრდელო დაწესებულებების ბენეფიციარებსაც. პარალელურად უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა საინფორმაციო კამპანია ქართულ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე.

მოწყვლადი კატეგორიის ბენეფიციარებთან დარიგდა 99 500-მდე სასურსათო პაკეტი. შესაბამისი სასურსათო კალათი მიიღო საბავშო ბაღების 33 000-ზე მეტმა აღსაზრდელმა. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მხარდაჭერითა და უშუალო ჩართულობით, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან დარიგდა 100 000-მდე საინფორმაციო ფლაერი.