თბილისის საკრებულოს წევრმა, შალვა ოგბაიძემ ერთი წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა

329

თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ შალვა ოგბაიძემ ტრანსპორტის სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს, ექსპერტებს და დაინტერესებულ მოქალაქეებს ერთი წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარუდგინა.

საკრებულოს ინფორმაციით, შალვა ოგბაიძემ ყურადღება დედაქალაქში განხორციელებულ და სამომავლოდ დაგეგმილ სხვადასხვა მნიშვნელოვან პროექტებზე გაამახვილა.

ოგბაიძის თქმით, ტრანსპორტის განვითარებისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 352,145.4 ათასი ლარია გამოყოფილი, მათ შორის, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ღონისძიებები დაფინანსებულია 40,788.9 ათასი ლარით, ხოლო საქალაქო სამგზავრო ტრანსპორტის მოძრავი შემადგენლობის მოდერნიზაცია კი 39,714.1ათასი ლარით ფინანსდება.

„საუბარი ასევე შეეხო ზონალურ-საათობრივ პარკირებასაც და აღინიშნა, რომ დედაქალაქში 2022 წლის 1-ელ მარტიდან და 1-ელი ივლისიდან, ეტაპობრივად, განხორციელდა ზონალურ/საათობრივი პარკირების სისტემის ამოქმედება სხვადასხვა უბნებში, ჯამში მოეწყო 3 589 საპარკინგე ადგილი, მათ შორის, 81 ადგილი შშმ პირთა პარკირებისთვის, ხოლო ელექტრომობილების დამუხტვისთვის 8 ადგილი.

მისივე განცხადებით, სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში, განხორციელდა სხვადასხვა სატრანსპორტო, საგზაო თუ ინფრასტრუქტურული ღონისძიებები.

თავის მხრივ, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისია უფლებამოსილების ფარგლებში, აქტიურად არის ჩართული თბილისში სატრანსპორტო მიმართულების მოწესრიგებასა და სრულყოფაში.

ანგარიშის წარდგენის შემდეგ, საჯარო შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.