თბილისის საკრებულოში წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ახვლედიანმა გაწეული საქმიანობის წლიური ანგარიში წარმოადგინა.
თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, გიორგი ახვლედიანმა მოხსენებაში ყურადღება გაამახვილა დედაქალაქის წარმომადგენლობით და აღმასრულებელ ორგანოებში, ასევე სხვა ადგილობრივ და სახელმწიფო სამსახურებში გამართული სხდომების მუშაობაში, ოფიციალური და სამუშაო შეხვედრების მიმდინარეობაში მის ჩართულობასა და სხვა სამუშაო პროცესებზე.
ანგარიშის თანახმად, გიორგი ახვლედიანმა სატრანსპორტო საკითხთა და სარევიზიო კომისიების სხდომებში და შესაბამისად, სხდომებზე წარმოდგენილი საკითხების განხილვაში მიიღო მონაწილეობა.
„დღესვე, გიორგი ახვლედიანმა როგორც ფრაქციის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ წევრმა, ფრაქციის მიზნებსა და ამოცანებზე ისაუბრა და ამასთანავე, აღნიშნა, რომ საანგარიშო პერიოდში დაესწრო ფრაქციის მიერ ჩატარებულ 21 სხდომას, სადაც 38 მნიშვნელოვანი საკითხი შეისწავლა.
მათ შორის, როგორიცაა: დედაქალაქის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტი, ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამა, შპს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები, ქაოტური განაშენიანების აღკვეთის გზების და უკანონო მშენებლობის წინააღმდეგ მიმართული კანონიერი ბერკეტების შესახებ და სხვა არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი.
გიორგი ახვლედიანის თქმით, მას, როგორც საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილეს აქვს შეხვედრები მოქალაქეებთან. მიღების დღედ განსაზღვრულია ორშაბათი, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, მოქალაქეთა მიღება ნებისმიერ სამუშაო დღეს ხდება. გარდა ამისა, მოქალაქეთა ზარების მონიტორინგს მისივე სამდივნო ახორციელებს და საკითხიდან გამომდინარე, შესაბამის სამსახურებთან აკავშირებს. ახვლედიანის თქმით, ეს შესაძლებლობას იძლევა, მოქალაქეთა ცხოვრებაში აქტიურად იყვნენ ჩართულები“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.