იაგო ხვიჩია: ახალი არჩევნები მოვითხოვოთ მაშინ, თუ ოპოზიცია მოიგებს თვითმმართველობის არჩევნებს

445

პარტია “გირჩის” ლიდერი იაგო ხვიჩია ამბობს, რომ რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება აზრი, თუ ქართული ოცნება თვითმმართველობის არჩევნებში დამარცხდება.

ხვიჩიას ამბობს, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილებებისა და “ივანიშვილის წასვლის” შემდეგ, თუ “ქართული ოცნება” თვითმმართველობის არჩევნებს მაინც მოიგებს, მათ ექნებათ უფლება, რომ მომდევნო 4 წელი ქვეყანა მართონ.

ამაზე ხვიჩიამ პარტია “მოქალაქეების” ლიდერებთან შეხვედრამდე ისაუბრა. ალეკო ელისაშვილთან და ლევან იოსელიანთან შეხვედრაზე სწორედ ამ საკითხზე აპირებენ მსჯელობას.

“ვთავაზობთ ესეთ გამოსავალს, რომ ახალი არჩევნები მოვითხოვოთ და დავნიშნოთ მაშინ, თუ ოპოზიცია იგებს ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებს, მე მგონი, ეს გასაგები და ბუნებრივი პირობებია. ივანიშვილის წასვლისა და საარჩევნო კოდექსის მიუხედავად თუ მოიგეს ადგილობრივი თვითვმმართველობის არჩევნები მათ უფლება აქვთ, რომ შემდეგი 4 წელი მართონ ქვეყანა.

წარმოიდგინეთ, ბიძინას წასვლის შემთხვევაშიც ამათმა თუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მოიგეს და ოპოზიციამ ვერ მოვუგეთ, მაშინ ჩვენს მოთხოვნას ახალ არჩევნებთან დაკავშირებით ისედაც არანაირი შინაარსი არ გააჩინია“,- ამბობს ხვიჩია.

პარტია “მოქალაქეები” და “გირჩი” ის პარტიებია, რომლებსაც ამ დრომდე არ უთქვამთ საპარლამენტო მანდატებზე უარი.

ოპოზიცია 31 ოქტომბრის არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს. მათ რამდენიმე მოთხოვნა აქვთ, მათ შორის რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა, პოლიტპატიმრების გათავისუფლება, საარჩევნო ადმინისტრაციის შეცვლა და სისტემის რეფორმა. ოპოზიციამ მმართველ გუნდს პლებისციტიც შესთავაზა, რომელიც ითვალისწინებდა ამომრჩევლისთვის კითხვის დასმას იმაზე, უნდა ჩატარდეს თუ არა რიგგარეშე არჩევნები.  ქართული ოცნება მხოლოდ საარჩევნო სისტემის რეფორმას თანხმდება.

2020 წლის 11 დეკემბერს მეათე მოწვევის პარლამენტი მხოლოდ 1 პარტიით შეიკრიბა. მოგვიანებით პარლამენტში შევიდა 4 დეპუტატი, რომლებიც საკნანონმდებლო ორგანოში “პატრიოტთა ალიანსის” სიით მოხვდნენ, შემდეგ კი სხვა პარტია, “ევროპული სოციალისტები” ჩამოაყალიბეს.

რაც შეეხება “გირჩის” ერთ განაყოფსა და “მოქალაქეებს” – როგორც ამბობენ, მათთვის რიგგარეშე არჩევნები საკვანძო საკითხი არ არის და პარლამენტში სხვა მოთხოვნებზე პირობის მიღების შემთხვევაშიც შევლენ.