გურიის სახელმწიფო რწმუნებული: სოფელი ბუკნარი შეჯერდა, რომ გამონახავენ საერთო ენას – ლოცვა გააგრძელონ ისე, როგორც ადრე ლოცულობდნენ

428

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბუკნარის ქრისტიან და მუსლიმ თემთან შეხვედრა შეთანხმებით დასრულდა.

ჩოხატაურის მერიაში ადგილობრივი ხელისუფლების, სოფელ ბუკნარის ქრისტიანული და მუსლიმური თემის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

გურიის სახელმწიფო რწმუნებულმა ზურაბ ნასარიამ შეხვედრის შემდეგ განუცხადა, სოფლის მოსახლეობა შეთანხმდა, რომ მუსლიმი თემის წარმომადგენლები ლოცვას ძველებურად განაგრძობენ.

მისივე თქმით, თუ ვინმეს მხრიდან პროვოკაცია იქნება, რათა ამ ორ თემს შორის რელიგიური შუღლი ჩამოაგდოს, მოსახლეობა პასუხს თავად გასცემს.

„შეხვედრას ესწრებოდა სოფლის ორივე მხარე, როგორც მუსლიმი ასევე ქრისტიანი მოსახლეობა. სოფელი შეჯერდა იმაზე, რომ ერთმანეთში გამონახავენ საერთო ენას და დაბრუნდებიან იმ ვითარებაში, რა ვითარებაშიც ცხოვრობდნენ ერთად. გაგრძელდება ისეთი სიამტკბილური ცხოვრება, როგორიც ჰქონდათ, თუ ვინმე ადამიანი გამოიკვეთება, ვინც პროვოკაციას მოაწყობს, ან შეეცდება ამ ადამიანებს შორის რელიგიური შუღლი ჩამოაგდოს, ამ შემთხვევაში სოფლის მოსახლეობა თვითონ გასცემს პასუხს და არ დასჭირდება გარედან ვინმეს ჩარევა. დღეს ერთსაც და მეორე მხარესაც აქვს საშუალება იმ ურთიერთობაში დაბრუნდნენ, რაშიც იყვნენ. ის ლოცვა გააგრძელონ ისე, როგორც ადრე იყვნენ და ლოცულობდნენ.

აქ საუბარი იყო იმ პროვოკაციებზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა შიგნით სხვადასხვა ადამიანების მიერ და შემდეგ იყო ინტერპრირებული. ერთმანეთში გაერკვნენ ეს ადამიანები, შეჯერდნენ და ჩამოყალიბდნენ საერთო აზრზე, რომ ხვალიდან ყველა ერთმანეთის გვერდით დადგება და არანაირ კონფლიქტს ადგილი არ ექნება“,- განაცხადა ნასარიამ.

ცნობისთვის, მუსლიმი თემის წარმომადგენლები ითხოვდნენ, რომ მუსლიმურ სამლოცველოში ლოცვის საშუალება ჰქონოდათ. მათი ინფორმაციით, აღნიშნულს ადგილობრივი ქრისტიანული მოსახლეობა ეწინააღმდეგებოდა.