„ელექტროენერგიის ტარიფის სუბსიდირება მოხდება მომდევნო ერთი წლის განმავლობაში. შემდეგი ერთი წელი იქნება ყველაზე მძიმე პოსტკრიზისული წელი, როდესაც სწორია და გამართლებულია, რომ შეზღუდული ბიუჯეტიდან გამოვნახოთ სახსრები და მოხდეს დამატებითი წნეხის თავიდან აცილება მოსახლეობისთვის“, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ, დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
რაც შეეხება წყლის ტარიფს, სუბსიდირება მოხდება სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის. „სამწუხაროდ, არ გამოვრიცხავთ, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახების რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს. ვითარება არის ძალიან რთული და ამას ვხედავთ ზოგადად მსოფლიოში“, – აღნიშნა თურნავამ.
მისი თქმით, პარალელურ რეჟიმში მთავრობა ინარჩუნებს სუბსიდირების პაკეტს კომუნალური გადასახადებისთვის. „ზამთრის ოთხი თვის განმავლობაში თითქმის სრულად სუბსიდირდება ელექტროენერგიის გადასახადი და მოსახლეობის ნაწილი ხვდება ამ პაკეტში. გარდა ამისა, უკვე შემდეგ, როცა ეს ნაწილი დასრულდება, კიდევ ელექტროენერგიის ტარიფის ფასნამატიც დასუბსიდირდება“, – განაცხადა თურნავამ.
შეგახსენებთ, რომ „თელასის“ და „ენერგო პრო ჯორჯიას“ საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის ტარიფი 3.5 თეთრით იზრდება.