„თელასის“ და „ენერგო პრო ჯორჯიას“ საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის ტარიფი 3.5 თეთრით იზრდება.
სემეკმა „თელასის“ და „ენერგო პრო ჯორჯიას“ ელექტროენერგიის განაწილების, გატარების და მოხმარების ტარიფი დაამტკიცა. კერძოდ, „თელასისთვის“ სამომხმარებლო ტარიფების ნაწილში, თვეში 101 კილოვატ საათამდე და საერთო მრიცხველის მქონე აბონენტებისთვის ელექტროენერგიის მოხმარების ტარიფი დღგ-ს ჩათვლით კვტ.სთ ელექტროენერგიაზე მოქმედი 14.544 თეთრიდან 18.041 თეთრამდე იზრდება და შესაბამისად, ზრდა ერთ კვტ.სთ.-ზე 3.498 თეთრს შეადგენს. ამასთან, თვეში 101 – 301 კვტ.სთ. მომხმარებლებისთვის ტარიფი დღგ-ს ჩათვლით 22.053 თეთრამდე, ხოლო 301 კვტ.სთ.-ზე ზემოთ – 26.537 თეთრამდე იზრდება.
რაც შეეხება „თელასის“ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებს, ამ შემთხვევაში ელექტროენერგიის ტარიფის ზრდა კვტ.სთ. ელექტროენერგიაზე 11 თეთრზე მეტია.
ამასთან, „ენერგო პრო ჯორჯიას“ 101 კილოვატ საათამდე და საერთო მრიცხველის მქონე აბონენტებისთვის ელექტროენერგიის მოხმარების ტარიფი დღგ-ს ჩათვლით კვტ.სთ ელექტროენერგიაზე მოქმედი 14.237 თეთრიდან 17.731 თეთრამდე იზრდება და შესაბამისად, ზრდა ერთ კვტ.სთ.-ზე 3.494 თეთრს შეადგენს. ამასთან, თვეში 101 – 301 კვტ.სთ. მომხმარებლებისთვის ტარიფი დღგ-ს ჩათვლით 21.707 თეთრამდე, ხოლო 301 კვტ.სთ.-ზე ზემოთ – 26.227 თეთრამდე იზრდება.
რაც შეეხება „ენერგო პრო ჯორჯიას“ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებს, ამ შემთხვევაში ელექტროენერგიის ტარიფის ზრდა კვტ.სთ. ელექტროენერგიაზე 10.8-დან 14.6 თეთრამდეა.
აქვე შეგახსენებთ, რომ პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას მიერ დღეს გაკეთებული განცხადების თანახმად, 2021 წლის განმავლობაში სახელმწიფო საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის გაზრდილ ტარიფს დაასუბსიდირებს. მთავრობის მეთაურის თქმით, გაზრდილი ტარიფი სრულად დასუბსიდირდება თვეში ელექტროენერგიის 300 კვტ.სთ.-ის მომხმარებლებისთვის. ამასთან, გიორგი გახარიას განცხადებით, საკვები პროდუქტების მწარმოებელ ადგილობრივ კომპანიებს ელექტროენერგიაზე გაზრდილი ტარიფი 50%-ით დაუსუბსიდირდება.