„სამართლიანი არჩევნების“ ყოფილი აღმასრულებელი დირექტორის, ელენე ნიჟარაძის განცხადებით, პარალელური დათვლების დროს დაშვებული ხარვეზი არ იყო იმ მნიშვნელობის, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი გამოეწვია და ეს შეფასება მმართველი გუნდის მხრიდან „არასწორი და გაზვიადებული იყო“.
როგორც ნიჟარაძემ განაცხადა, „პივიტის“ შედეგებზე ყურადღების გადატანა მიზანმიმართულად მოხდა, რათა სხვა სერიოზული დარღვევების იგნორირება მომხდარიყო.
„ეს იყო მცირე ხარვეზი, რასაც მმართველი პარტიის მხრიდან დიდი გაზვიადება მიენიჭა და წარმოჩენილი იყო, რომ პოლიტიკური კრიზისი შექმნა და რევულუციაზე იყო საუბარი. ეს არის ძალიან არასწორი და გაზვიადებული შეფასება, ეს კეთდებოდა მიზანმიმართულად იმიტომ, რომ საზოგადოების ყურადღება გადმოტანილი ყოფილიყო „პივიტის“ შედეგებზე და სერიოზული დარღვევები რაც იყო, იმის იგნონირება მომხდარიყო. ეს მიზნად ისახავდა ორგანიზაციის დისკრედიტაციას, რასაც ძალიან ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებენ. არ ვთვლი, რომ ეს იყო ისე მნიშვნელოვანი ხარვეზი, რასაც შეიძლებოდა ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი გამოეწვია. ესაა სპეკულაცია და მიზანმიმართულად საზოგადოების შეცდომაში შეყვანა“,- განაცხადა ნიჟარაძემ.
ამასთან, ნიჟარაძე განმარტავს, რატომ მოხდა დაშვებული შეცდომის შესახებ ინფორმაციის გავრცელება დაგვიანებით. როგორც ის აღნიშნავს, საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება აუდიტის დასრულების შემდეგ იგეგმებოდა.
„9 დეკემბერს ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ „პივიტის“ შედეგებით მმართველი პარტიის მხრიდან ერთგვარი მანიპულირება ხდებოდა უშუალოდ მოლაპარაკებების პროცესში. იცით, რომ ეს მოლაპარაკებები არის დახურული და საზოგადოებას ხელი არ მიუწვდება. მას შემდეგ, რაც ეს ინფორმაცია ჩემთვის ცნობილი გახდა, არასწორი იქნებოდა, რომ კიდევ გადადებულიყო ინფორმაციის გავრცელება. ჩავთვალე, რომ ეს უნდა ყოფილიყო დაუყოვნებლივ მიწოდებული საზოგადოებისთვის იმიტომ, რომ მოლაპარაკებების მიმდინარეობის პროცესში მნიშვნელოვანია ყველა მხარეს თანაბრად ჰქონდეს ინფორმაცია იმ არგუმენტების შესახებ, რომელიც მოლაპარაკების პროცესში გამოიყენება. ის, რომ ეს შედეგები გამოიყენებოდა, ძალიან გვიან გახდა ცნობილი. შესაბამისად ამ დროში მაქსიმალურად დაჩქარებული იყო ეს განცხადება. გაჟღერდა ინფორმაცია, რომ იგეგმებოდა მომდევნო რაუნდი მოლაპარაკების და ჩემი მხრიდან დაშვება იყო, რომ ამ თემაზე სპეკულაცია კიდევ შეიძლება განახლდებულიყო, რაც არასწორი იქნებოდა. ამიტომ ეს განცხადება დაჩქარებული წესით გამოვაქვეყნეთ“,- განაცხადა ნიჟარაძემ.
შეკითხვაზე, თუ საიდან ჰქონდა ხარვეზის შესახებ „ქართულ ოცნებას“ ინფორმაცია, ნიჟარაძემ განაცხადა, რომ ამ კითხვას პასუხი მმართველმა გუნდმა უნდა გასცეს.
„არაფერს არ გამოვრიცხავ, ჩვენ, სამწუხაროდ ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც მიყურადება ჩვეულებრივ პრაქტიკად ითვლება უკვე. ეს არის ის კითხვა, რაზეც „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გასცეს პასუხი. რაც შეეხება გამოძიებას, გამოძიების საკითხი არის ძალიან სასაცილო. არ ვიცი, რა მუხლით უნდა დაიწყონ გამოძიება, ეს ჩემთვის წარმოუდგენელია. ეს კიდევ ერთი დეტალია, რითაც “ქართული ოცნება” სპეკულაციას ახდენს და ცდილობს, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს“,- განაცხადა ნიჟარაძემ.
ცნობისთვის, რომ „სამართლიანი არჩევნების“ თავმჯდომარემ ელენე ნიჟარაძემ თანამდებობა დატოვა. ამასთან, შეგახსენებთ, რომ „სამართლიანმა არჩევნებმა“ (ISFED) 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგების დაზუსტებული ინფორმაცია გამოაქვეყნა. მათი განმარტებით, გამოვლინდა ხარვეზი საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, გასწორების შედეგად, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობა უმნიშვნელოდ შეიცვალა და აღნიშნული სხვაობა გავლენას არ ახდენს არცერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობაზე. „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების დღის საბოლოო შედეგების დაზუსტებული ინფორმაციით, “ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს” ხმების 47.6% აქვს.