დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ ემიგრაციიდან დაბრუნებულ საქართველოს 116 მოქალაქეს შემოსავლის წყაროს გაჩენის, დასაქმებისა და თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით გრანტი გადასცა, – ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
უწყების ცნობით, სამშობლოში დაბრუნებულმა მიგრანტებმა საკუთარი საქმიანობის წამოწყებისა თუ გაფართოებისთვის საჭირო ტექნიკა, ხელსაწყოები და დანადგარები თავადვე შეარჩიეს.
“სოციალური ინიციატივების მხარდაჭერის მიზანს ემიგრაციიდან დაბრუნებული მოქალაქეების რეინტეგრაციის ხელშეწყობა და მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება წარმოადგენს. „სამშობლოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების“ სახელმწიფო პროგრამა საშემოსავლო პროექტების დაფინანსებასთან ერთად, პროფესიული განათლების ხელშეწყობას, სამედიცინო დახმარებითა და დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფას ითვალისწინებს. 2020 წელს, სააგენტომ პროგრამის ფარგლებში, ჯამში, 160-მდე მიგრანტი დააფინანსა”, -აღნიშნულია ინფორმაციაში.