TI: 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო პროექტის შესახებ მოკლე ანალიზსა და რეკომენდაციებს აქვეყნებს

850

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო პროექტის შესახებ მოკლე ანალიზსა და რეკომენდაციებს აქვეყნებს.

„30 ნოემბერს საქართველოს მთავრობამ პარლამენტში „2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” კანონპროექტის საბოლოო ვარიანტი გააგზავნა, რომელიც მნიშვნელოვნად განსხვავდება 5 ნოემბერს წარდგენილი ვარიანტისგან. ბიუჯეტის პროექტის მნიშვნელოვანი ცვლილება კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის ფაქტორის ასახვამ გამოიწვია. გთავაზობთ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მოკლე შეფასებას და რეკომენდაციებს ბიუჯეტის საბოლოო პროექტზე.

ძირითადი მიგნებები – ბიუჯეტის განახლებული პროექტის თანახმად, 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 5%-ით შემცირდება, ხოლო 2021 წელს 4.3%-ით გაიზრდება. ბიუჯეტის პროექტის პირველ ვარიანტში მომავალი წლისთვის 5%-იანი ეკონომიკური ზრდა იყო პროგნოზირებული, რაზეც „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” რეკომენდაცია იყო, რეალური სიტუაციიდან გამომდინარე, ბიუჯეტი ეკონომიკური ზრდის უფრო დაბალ მაჩვენებელზე დაგეგმილიყო;

2021 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები 16.8 მლრდ ლარი იქნება, რაც 2020 წლის ბიუჯეტის შემოსულობებზე 1.7 მლრდ ლარით ნაკლებია. შემცირებას განაპირობებს ის, რომ 2020 წელს მთავრობა 8 მლრდ ლარის ვალს იღებს, ხოლო 2021 წელს 5.3 მლრდ ლარის ვალის აღებას გეგმავს;

მაისამდე გაგრძელდება საშემოსავლო გადასახადზე დაწესებული შეღავათი. იმ პირებს, რომელთა ხელფასი არ აღემატება 1,500 ლარს, 750 ლარი არ დაებეგრებათ; ბიუჯეტის გადასახდელები 2.5 მლრდ ლარით იზრდება და 18.4 მლრდ ლარს მიაღწევს, მათ შორის, ხარჯები 222 მლნ ლარით იზრდება. გადასახდელებს ყველაზე მეტად 2.8 მლრდ ლარის ვალის დაფარვა ზრდის; ადმინისტრაციული ხარჯები 221 მლნ ლარით იზრდება და იგი ჯამში 3.3 მლრდ ლარამდე იქნება. ამ ხარჯების ზრდას შრომის ანაზღაურებაზე 60 მლნ ლარით მეტის და საქონლისა და მომსახურების შესყიდვაზე 151 მლნ ლარით მეტის დახარჯვა განაპირობებს. 2019 წელთან შედარებით, ადმინისტრაციული ხარჯები 520 მლნ ლარით იზრდება;

საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობა 356 ადამიანით იზრდება და 112,570-ს მიაღწევს. აქედან 227 ადამიანი ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის მართვას ემატება, ხოლო 176 შრომისა და დასაქმების სისტემის რეფორმების პროგრამას. 82-ით იზრდება პოლიციელთა რაოდენობა, ხოლო 50-ით – პარლამენტის აპარატში დასაქმებულთა რაოდენობა;

ყველაზე მეტად 4 სამინისტროს ბიუჯეტი იზრდება: რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს – 551 მლნ ლარით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს – 264 მლნ ლარით, თავდაცვის სამინისტროს – 95 მლნ ლარით და შინაგან საქმეთა სამინისტროს – 30 მლნ ლარით;

2021 წლის პირველი იანვრიდან 70 წლამდე ასაკის პენსიონერების პენსია 20 ლარით გაიზრდება და 240 ლარი გახდება, ხოლო 70 წლის ან მეტი ასაკის პენსიონრების პენსია 25 ლარით გაიზრდება და 275 ლარი გახდება. პენსიის ზრდა ბიუჯეტის ხარჯების 370 მლნ ლარით ზრდას იწვევს;

400 მლნ ლარია გამოყოფილი „კორონავირუსული” დაავადების მართვაზე, რაც დაავადებულთა მკურნალობას, ტესტებს, ვაქცინის შესყიდვას და პანდემიის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებულ ხარჯებს მოიცავს;

კორონავირუსით გამოწვეული მდგომარეობის გაუარესების გამო მოსახლეობის დახმარებაზე 310 მლნ ლარია გამოყოფილი. 6 თვის განმავლობაში 200 ლარიან დახმარებას მიიღებენ სამსახურის გარეშე დარჩენილი ადამიანები. 6 თვის განმავლობაში დამატებით თვეში 100 ლარს მიიღებენ სოციალურად დაუცველი ოჯახები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები. ასევე, 16 წლამდე ასაკის 3 და მეტ შვილიანი ოჯახები 6 თვის განმავლობაში თვეში 100 ლარს მიიღებენ. იანვარ-თებერვალში მიმდინარე წელს არსებული წესით დაფინანსდება კომუნალური გადასახადები;

მნიშვნელოვნად მხოლოდ ეკონომიკის სამინისტროს ბიუჯეტი მცირდება – 353 მლნ ლარით. კლების მიზეზი საკრედიტო-საგარანტიო სქემაზე გამოყოფილი თანხის 280 მლნ ლარით შემცირება და მცირე, საშუალო და საოჯახო სასტუმროების ხელშეწყობის პროგრამის განულებაა, რომელზეც წელს 70 მლნ ლარია გამოყოფილი;

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაფინანსება 2 მლნ ლარით მცირდება და მისთვის 800 მლნ ლარია გამოყოფილი, მაშინ როდესაც, წელს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან უკვე არის დახარჯული 882 მლნ ლარი და წლის ბოლომდე სავარაუდოდ 900 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება;

ბიუჯეტის დეფიციტი 4.1 მლრდ ლარი (მშპ-ის 7.7 %) იქნება, საიდანაც 2.5 მლრდ ლარი ახალი ვალის აღებით დაიფარება, ხოლო 1.6 მლრდ ლარი – ბიუჯეტის ნაშთის გამოყენებით;

2021 წელს მთავრობა მთლიანობაში 5.3 მლრდ ლარის ვალს აიღებს, მაგრამ ამავე დროს 2.8 მლრდ ლარის ადრე აღებულ ვალს დაფარავს. 2021 წელს მთავრობა ახალ საშინაო ვალს არ აიღებს. მომავალ წელს მთავრობა 2008 წელს გამოცემული 500 მლნ დოლარის ღირებულების „ევროობლიგაციების” გადასაფარად 1,657 მლნ ლარის ახალ „ევროობლიგაციებს” გამოუშვებს. 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის წინა ვერსიაში, მთავრობა ახალი „ევროობლიგაციების” გამოშვებას არ გეგმავდა, დავალიანება ბიუჯეტის ნაშთზე არსებული თანხიდან უნდა დაფარულიყო;

2021 წლის ბოლოს მთავრობის ვალი 32.1 მლრდ ლარს მიაღწევს, რაც პროგნოზირებული მშპ-ის 60.1% იქნება. აქედან გამომდინარე, ვალი კრიტიკულ ზღვრად მიჩნეულ მშპ-ის 60%-ს გადასცდება;

ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამების მოსალოდნელი შედეგები და ინდიკატორები კვლავ დანართშია მოცემული და ბიუჯეტის შესახებ კანონის ტექსტს არ წარმოადგენს, რაც პროგრამული ბიუჯეტირებისადმი არასათანადო მიდგომის მაჩვენებელია.

რეკომენდაციები – ბიუჯეტის ხარჯებში „კორონავირუსით” გამოწვეული ზიანის შემსუბუქებაზე საჭირო თანხების ასახვა აუცილებელი იყო, მაგრამ ეს მნიშვნელოვანწილად უნდა მომხდარიყო ბიუჯეტში ეკონომიის გაკეთებით და არა ახალი ვალების აღებით;

ბიუჯეტის წინა ვერსიაში მთავრობა წელს მოზიდული საგარეო დახმარებების ნაწილით არსებული საგარეო ვალის დაფარვას გეგმავდა, რაც მომავალში ვალის მომსახურების ტვირთს შეამცირებდა. ეს მიდგომა გარკვეულწილად უნდა შენარჩუნდეს. წარმოდგენილი პროექტით, მთავრობის ვალი კრიტიკულ ზღვარს, მშპ-ის 60%-ს სცდება. მაღალი ვალის მქონე ქვეყნების ჯგუფში გადასვლა საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობას და მაკროეკონომიკურ სტაბილურობას შეასუსტებს;

გასული წლების და მიმდინარე წლის მსგავსად, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე არასაკმარისი თანხაა გამოყოფილი. ჯანდაცვის სამინისტრომ აღნიშნული პროგრამის დაფინანსების საჭირო მოცულობა მაქსიმალურად ზუსტად უნდა განსაზღვროს და პროგრამის მართვა მნიშვნელოვნად უნდა გააუმჯობესოს;

ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამების მოსალოდნელი შედეგები და ინდიკატორები, რომლებიც დანართშია მოცემული, ბიუჯეტის შესახებ კანონის ძირითადი ტექსტის ნაწილი უნდა გახდეს“, – ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ შეფასებასა და რეკომენდაციებში.

ორგანიზაციის შეფასების სრული ვერსია იხილეთ ბმულზე: