ახალგორელი აქტივისტი, თამარ მეარაყიშვილი გიორგი გახარიას შეხვედრას სთხოვს.
მეარაყიშვილი ამბობს, რომ ოკუპირებულ რეგიონში ისედაც მძიმე მდგომარეობას ახალგორის ჩაკეტვა კიდევ უფრო ამძიმებს და საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს.
“გამარჯობა, ბატონო გიორგი. მე ვარ თამარ მეარაყიშვილი. სამოქალაქო აქტივისტი. ვცხოვრობ ახალგორში. აქედან გწერთ.
გავეცანი ინფორმაციას გეგმებზე, რასაც ჩვენი მიმართულებითაც აპირებთ.
რა საჭირო იყო ასეთი ლამაზი დაპირებების გაცემა პარლამენტში, სადაც კითხვას არ დასვამდნენ? ისედაც “დაგიჯერებდნენ“, რომ ჩვენზე ფიქრობთ და ზრუნავთ.
არ მჯერა თქვენი ერთი სიტყვისაც კი, სამწუხაროდ, რადგან თქვენთვის ადამიანი არაა მთავარი. არაერთხელ მოგმართეთ ღია წერილით, სატელევიზიო სივრციდან, რომ დაგეთმოთ რამდენიმე წუთი და მოგესმინათ ჩემთვის. მე ახალგორელებისგან მაქვს უფლება, დაგლაპარაკებოდით მათი სახელით, მაგრამ ჩემმა სურვილმა თქვენამდე ვერ მოაღწია.
მძიმე მდგომარეობაში ვართ. ძალიან მძიმე მდგომარეობაში. გთხოვთ, დაგველაპარაკოთ“.- წერს მეარაყიშვილი.
თამარ მეარაყიშვილმა ამ დრომდეც არაერთხელ თქვა, რომ ახალგორში მცხოვრებლები იხოცებიან, რადგან ექიმთან მისვლას ვერ ახერხებენ. ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრები ადამიანები ვერ ახერხებენ, აიღონ კუთვნილი პენსია, რადგან ე.წ გამშვები პუნქტი წელიწადზე მეტია ჩაკეტილია. თუმცა, მათ არავინ ეხმარება.
ჟურნალისტი ამბობს იმასაც, რომ ოკუპირებულ ახალგორში გაუსაძლისი საცხოვრებელი პირობებია, რის გამოც იქაურები საცხოვრებელს ტოვებენ და სამუდამოდ მიდიან.
ოკუპირებული ახალგორი საოკუპაციო რეჟიმმა 2019 წლის 4 სექტემბერს ჩაკეტა. ახალგორში მცხოვრებლებს შეეზღუდათ სამედიცინო სერვისებზე წვდომა, ჩაკეტვამდე კი ისინი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მომსახურებას იღებდნენ და გარკვეული შეღავათებითაც სარგებლობდნენ.