ჩვენ გვაქვს პოზიციების თანხვედრა „გირჩთან” და „მოქალაქეებთან”, რომლებმაც თქვეს, რომ შენ თუ არ აღიარებ არჩევნების შედეგებს, მაშინ არც დაფინანსება უნდა მოითხოვო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც დეპუტატები იმ საკანონმდებლო პაკეტს იხილავენ, რომელიც პარლამენტში არშესული ოპოზიციური პარტიებისთვის საბიუჯეტო დაფინანსების გაუქმებას და უფასო საეთერო დროით სარგებლობის უფლების შეწყვეტას ითვალისწინებს.
კობახიძის თქმით, საბოტაჟს უნდა დაუპირისპირდეს სამართლებრივი მექანიზმები.
„ამ კანონპროექტების პაკეტის ზოგადი მიზანი არის პასუხის გაცემა საბოტაჟზე. ხორციელდება პარლამენტის საბოტაჟი კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მხრიდან. ესენი არიან რადიკალური ოპოზიციური პარტიები და მათი შანტაჟისა და ბულინგის ქვეშ მოქმედი პოლიტიკური პარტიები. საბოტაჟი ბოიკოტისგან განსხვავებით, თავისი არსით ეს არის ანტისისტემური მოვლენა, რომელიც მიმართულია კონსტიტუციური წესრიგისა და პარლამენტის წინააღმდეგ. შესაბამისად, ამ ქმედებას სჭირდება შესაბამისი პასუხი კანონმდებლობის მხრიდან და სწორედ ეს პასუხია ასახული იმ პაკეტში, რომელიც წარმოდგენილია.
როცა პარლამენტის საბოტაჟი ხორციელდება შესაძლოა, იყოს ორი სავარაუდო პასუხი. ასეთ დროს მმართველმა პარტიამ შესაძლოა აღიაროს არჩევნების გაყალბება, რაც ბუნებაში არ მომხდარა, ეს იქნებოდა პირველი თეორიული პასუხი ასეთ საბოტაჟზე. რაც შეეხება გაყალბებას, არაერთხელ შევთავაზეთ ოპოზიცურ პარტიებს არჩევნების შედეგების გადამოწმება სხვადასხვა ფორმით, რაზე მივიღეთ უარი. მათ ყველაზე უკეთ იციან, რომ არაფერი გაყალბებულა. რჩება მხოლოდ ოპოზიციის აღქმები, რომლის მიხედვითაც, მათ ჯამში აიღეს 100%, მათ განცხადებებზე დაყრდნობით. ანუ გამოდის, რომ „ქართული ოცნება” არ არსებობს ბუნებაში და არსებობს მხოლოდ თამარ ჟვანიასა ან ცესკოს ვირტუალურ აღქმაში. თუ ჩვენ გვინდა, რომ ამ არასერიოზულ მტკიცებას გავყვეთ, შეგვიძლია ვაღიაროთ ის რაც ბუნებაში არ არსებობს – არჩევნების გაყალბება, მაგრამ თუ გვინდა ვიყოთ სერიოზულები, ამ შემთხვევაში, უნდა გავცეთ სათანადო პასუხი იმ საბოტაჟს, რომელიც ხორციელდება რადიკალური ოპოზიციური პარტიების მხრიდან. საბოტაჟს უნდა დაუპირისპირდეს ერთადერთი რამ, ჩვენ სხვა ბერკეტი არ გვაქვს, ეს არის სამართლებრივი მექანიზმები”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, პარტია, რომელიც არ აღიარებს საპარლამენტო არჩევნებს, არ უნდა სარგებლობდეს არც იმ პრივილეგიებით, რომელიც ამ არჩევნებთან არის დაკავშირებული.
„ეს არის უმარტივესი სამართლებრივი ლოგიკა, რომელიც კანონპროექტების პაკეტშია ასახული. ზუსტად ამ ლოგიკას აღიარებს ზოგიერთი პოლიტიკური ოპოზიციური პარტია. მაგალითად „გირჩმა” და “მოქალაქეებმა” მწვავედ გააკრიტიკეს სხვა ოპოზიცური პარტიები. მათ პირდაპირ განაცხადეს, რომ შენ თუ არ აღიარებ არჩევნების შედეგებს, მაშინ არც დაფინანსება უნდა მოითხოვო. გამომდინარე იქიდან, რომ დაფინანსების მოთხოვნა არის არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობის ირიბი აღიარება, ანუ ჩვენ გვაქვს მოსაზრებების თანხვედრა ცალკეულ პოლიტიკურ ოპოზიციურ პარტიებთან. ამ ლოგიკას ისინი იზირებენ.
მნიშვნელოვანია, რომ ამ პაკეტს არ აქვს უკუძალა, ნებისმიერ დეპუტატს შეუძლია იმოქმედოს მომავალში, მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში იმგვარად, რომ მასზე არ გავრცელდეს ამ კანონპროექტებით გათვალისწინებული ახალი რეგულაციები. აქ მიზანი არის არა ვინმეს დასჯა, არამედ პირიქით, წახალისება, წახალისება იქითკენ, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა და დეპუტატებმა თქვან უარი პარლამენტის საბოტაჟზე. ამ კანონპროექტებს აქვს წამახალისებელი ამოცანა და არა დასჯის ამოცანა”, – განაცხადა კობახიძემ.