გოჩა ენუქიძე რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის მცხოვრებლებს მიმართავს

497

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე რეგიონის მცხოვრებლებს მიმართავს.

საკუთარ მიმართვაში ენუქიძე განვლილ 2020 წელზე საუბრობს. მისი განცხადებით, 2020 წელს განხორციელებულმა ახალმა პროგრამებმა საშუალება მისცათ თანამოქალაქეების ცხოვრების დონე და პირობები, წინა წლებთან შედარებით, გაეუმჯობესებინათ.

„ჩემო რაჭველებო, ლეჩხუმლებო, სვანებო! გასული, 2020 წელი მნიშვნელოვანი გამოწვევების წელი იყო ჩვენი ქვეყნისთვისა და ჩვენი რეგიონისთვის. მიუხედავად გლობალური პანდემიისა, რომელმაც თითოეული ჩვენგანის ყოველდღიური ცხოვრება რადიკალურად შეცვალა, ჩვენი ქვეყნის სწრაფვა დემოკრატიისკენ არ შეფერხებულა. აღსანიშნავია, რომ 2020 წელს, ახალმა პროგრამებმა, რომლებიც სოციალური მომსახურებების, ჯანდაცვისა და მოქალაქეების მიერ შერჩეული სხვა პრიორიტეტების მიმართულებებით განვახორციელეთ, საშუალება მოგვცა, ჩვენი თანამოქალაქეების ცხოვრების დონე და პირობები, წინა წლებთან შედარებით, გაგვეუმჯობესებინა, ამასთან, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების კოორდინირებული მუშაობით, რეგიონის მასშტაბით ბევრი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტრული პროექტიც განხორციელდა.

ხალხმრავალი სოფლები, ახმაურებული სახლები, მოვლილი ეზოები, ახალი ბიზნეს იდეები და მეტი სიყვარული საკუთარი ფუძის, ესაა პანდემიის ის დადებითი მხარეები, რამაც ჩვენს რეგიონს ახალი და განსაკუთრებული სიცოცხლე შესძინა. ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის განვითარება ჩვენს რეგიონს უფრო ძლიერს გახდის, ამიტომ პროექტები, რომელიც რეგიონში ხორციელდება, უმნიშვნელოვანეს მხარდაჭერას უცხადებს ყველა ბიზნეს იდეას. განსაკუთრებული პატივისცემა მინდა გამოვხატო ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებისადმი და მადლობა გადავუხადო ექიმებს, ექთნებს, ყველა იმ ადამიანს, რომლებიც დღემდე თავდაუზოგავად იბრძვიან ჩვენი და ჩვენი თანამოქალაქეების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის შენარჩუნებისთვის. დარწმუნებული ვარ, თითოეული ჩვენგანის მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით ღირსეულად ვუპასუხებთ ამ რთულ გამოწვევას. 2020 წელს, ახალი საარჩევნო სისტემით ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში. ვიმედოვნებ, მე-10 მოწვევის პარლამენტი ეფექტიანი მუშაობით კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს გადადგამს ქართული სახელმწიფოებრიობის განმტკიცების გზაზე. მჯერა, ხელისუფლებისა და მოქალაქეების ერთიანობით, დემოკრატიულ, გამჭვირვალე და ევროპულ სახელმწიფოს ავაშენებთ.

მომავალ წელს დასრულდება მიმდინარე და კვლავ განხორციელება ახალი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები და სოციალური პროგრამები, ჩვენი თანამოქალაქეების ყოველდღიური საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად და მიგრაციული პროცესების შესაჩერებლად, რომელიც დღემდე ჩვენი რეგიონის მთავარ გამოწვევად რჩება. ამასთან, აუცილებლად გაგრძელდება მუშაობა მთიანი რეგიონების მხარდამჭერი პროგრამების გასაუმჯობესებლად. დარწმუნებული ვარ, ცენტრალური, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებების ერთიანი ძალისხმევით, 2021 წელი ბევრ წარმატებას მოუტანს ჩვენს რეგიონისა და ჩვენს ქვეყანას“, – აღნიშნავს გოჩა ენუქიძე.