რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა, მაია ცქიტიშვილმა განმარტა, თუ რატომ არ იხსნება ბაზრობები შეზღუდვების შემსუბუქების პერიოდში. როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, ბაზრობებზე ვერ იქნება დაცული და უზრუნველყოფილი ყველა ის წესი, რომელიც აუცილებელია ეპიდემიოლოგიური სტანდარტის დაცვისთვის.
„პირველ ეტაპზე, როდესაც 28 ნოემბერს შეზღუდვები გამოვაცხადეთ, ამ შეზღუდვების გეგმა გულისხმობდა პერიოდს 28 ნოემბრიდან 1 თებერვლამდე, თუმცა, ჩვენ მაშინვე ვთქვით, რომ 24 იანვრიდან 2 იანვრის ჩათვლიდთ შეზღუდვების შემსუბუქებას ვგეგმავდით. სამწუხაროდ, დაგეგმილი გვქონდა შეზღუდვების შემსუბუქების ფარგლებში ბაზრობების საქმიანობის განახლება, მაგრამ ვხედავთ, რომ ვერ იქნება დაცული და უზრუნველყოფილი ყველა ის წესი, რომელიც აუცილებელია ეპიდემიოლოგიური სტანდარტის დაცვისთვის, ამიტომ ბაზრობების ფუნქცინიორება ვერ იქნება დაშვებული, მათ შორის ეს აკრძალვა ვრცელდება როგორც ღია სივრცეში ბაზრობაზე, ასევე ყველა იმ საქმიანობაზე, რაც ბაზრობების ტერიტორიაზე ფუნქციონირებს. მათ კვლავ ექნებათ დისტანციურ რეჟიმში ვაჭრობის საშუალება. ეს აკრძალვა არ ყოფილა დაწესებული ამ ორთვიან პერიოდში. ისინი კვლავ მოემსახურებიან მოქალაქეებს“,-განაცხადა ცქიტიშვილმა.
მისი თქმით, ყველა სხვა სავაჭრო ობიექტთან მიმართებით, რომელიც დღეის მდგომარეობით, სასურსათო პროდუქციით არ ვაჭრობს, შეზღუდვა იხსნება.
„ყველა სავაჭრო ობიექტთან მიმართებით შეზღუდვა იხსნება. ყველა მაღაზია, პატარა თუ დიდი, მოლი თუ რომელიმე სხვა სავაჭრო ობიექტი, რომელიც არ ვაჭრობს დღეის მდგომარეობით სასურსათო პროდუქციით, რომლის საქმიანობაც დაშვებული იყო მხოლოდ დისტანციურ რეჟიმში, 22 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩავთვლით, მათ მიეცემათ საშუალება, ფიზიკურად, სარეალიზაციაო სივრცეშიც აწარმოონ ვაჭრობა, ოღონდ წესების დაცვით, რომელიც მანამდე იყო დადგენილი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ“,- განაცხადა ცქიტიშვილმა.
საკოორდინაციო საბჭომ დღეს მიიღო გადაწყვეტილება, რომ 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით შეზღუდვების შემსუბუქება არ განხორციელდეს სრული მოცულობით და მათ შორის არ გაიხსნება ბაზრობები.